ახალი ამბები

პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

9 დეკემბერი, 2018 • 2033
პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს. ეს კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მოხდება, რომელიც პარლამენტში ხვალ უნდა დარეგისტრირდეს.

დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლი გაჩნდება, რომელიც არასრულწლოვანთათვის პიროტექნიკური ნაკეთობების მიყიდვას დაარეგულირებს. კერძოდ, ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას, ფიზიკური პირი 100 ლარით, იურიდიული პირი კი – 200 ლარით დაჯარიმდება.

აღნიშნულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 200 ლარიან ჯარიმას დაექვემდებარება, იურიდიულს კი – 400 ლარი დაეკისრება.

კანონპროექტის ავტორები მისი მიღების საჭიროებას არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკურ ნაკეთობებზე თავისუფალი წვდომის თანმდევი საფრთხეებით ხსნიან.

“…საფრთხე არაერთხელ დადასტურდა სადღესასწაულო დღეებში  პიროტექნიკური ნაკეთობების აფეთქების ან აალების შედეგად არასრულწოვანების მიერ მიღებული სხეულის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანების ფაქტებით.

2018 წლის იანვარში თბილისში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული დაზიანებებით ჰოსპიტალიზებული იყო 44 ადამიანი, მათ შორის 24 არასრულწლოვანი. 2017 წელის დასაწყისშიც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა”, – ვკითხულობთ დოკუმენტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: მარიამ ჯაში, სიმონ ნოზაძე, რევაზ არველაძე, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, რატი იონათამიშვილი და ზაზა გაბუნია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი