ახალი ამბები

საფრანგეთში განახლდა “ყვითელჟილეტიანების” დემონსტრაციები, დაკავებულია 127 ადამიანი

8 დეკემბერი, 2018 • 2089
საფრანგეთში განახლდა “ყვითელჟილეტიანების” დემონსტრაციები, დაკავებულია 127 ადამიანი

ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, დიზელის ფასებს კიდევ 6 თვით არ გავზრდითო, საფრანგეთში 8 დეკემბერს განახლდა “ყვითელჟილეტიანების” საპროტესტო აქციები.

ქუჩებში 90 000-მდე პოლიციელია მობილიზებული, – იუწყება BBC. ყველაზე ცოტა, 127 ადამიანი უკვე დაკავებულია. პოლიციამ ამჯერად უფრო ძლიერი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ვიდრე წინა აქციებზე.

გამოცემის ცნობით, პარიზის ცენტრში ამჟამად დაახლოებით 5 000-მდე ადამიანია საპროტესტო აქციაზე შეკრებილი. შინაგან საქმეთა მინისტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 000-მდე ადამიანის გამოსვლას ელოდებოდა. “10 000 ადამინი არ არის ხალხი – ეს არ არის საფრანგეთი”, – განაცხადა მან.

“ყვითელჟილეტიანების” მოძრაობა თავდაპირველად დიზელის საწვავზე გადასახადის გაზრდის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა, როგორც საფრანგეთის ხელისუფლება ამბობს, აქციები “ძალადობრივად განწყობილ დემონსტრაციებად” იქცა.

როგორც BBC-ის კორესპონდენტი იუწყება, საწვავის ფასების შესახებ დაწყებული მოძრაობა ახლა სხვადასხვა ინტერესის ჯგუფისა და განსხვავებული მოთხოვნების მქონდე, ულიდერო ჯგუფად იქცა.

დემონსტრაციებს, როგორც BBC წერდა, არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები. EPA-ს თანახმად, “ყვითელჟილეტიანები” არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ ეკუთვნიან.

საფრანგეთის კანონმდებლობით, ყველა მძღოლს მანქანაში უნდა ჰქონდეს ყვითელი ჟილეტი იმ შემთხვევისთვის, თუკი ავარია მოუვათ ან მანქანა გაუჩერდებათ. ამ ფერის ჟილეტები მძროლებთანაა ასოცირებული, დემონსტრანტებსაც ზუსტად ასე აცვიათ და ამიტომაც უწოდებენ დემონსტრანტებს “ყვითელჟილეტიანებს”.

გასულ კვირას დემონსტრაციებზე ასობით ადამიანი დააკავეს. რამდენიმე შაბათ-კვირის დემონსტრაციების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლებამ უკან დაიხია.

4 დეკემბერს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეფორმა დიზელის საწვავის ფასის ზრდაზე, რის გამოც რამდენიმე კვირის განმავლობაში საფრანგეთი არეულობამ და საპროტესტო ტალღამ მოიცვა, 6 თვით შეჩერდება.

ახლა აქციების მონაწილეები სხვა მოთხოვნებს აყენებენ, რომელთა შორისაც შედის: მაღალი ანაზღაურება, დაბალი გადასახადები, უკეთესი სოციალური დახმარებები, უნივერსიტეტებში მარტივად მოხვედრა და პრეზიდენტის გადადგომა.

მასალების გადაბეჭდვის წესი