ახალი ამბები

7 დეკემბერს ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობის” პრეზენტაცია გაიმართება

6 დეკემბერი, 2018 • 2627
7 დეკემბერს ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობის” პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ, 7 დეკემბერს ალეკო ელისაშვილის “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” პრეზენტაცია გაიმართება. როგორც ელისაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, ამ ეტაპზე მოძრაობას პოლიტიკური ორგანიზაციის სახე არ ექნება, თუმცა სამომავლოდ მის პარტიად გარდაქმნას არ გამორიცხავს.

ელისაშვილის თქმით, მოძრაობის მიზანი სხვადასხვა მიმართულებით ხედვების შემუშავება და რეფორმების ინიცირება იქნება:

“ჩვენი სამოქალაქო მოძრაობის მიზანი არის ერთი. ვხედავთ, ეს ქვეყანა როგორ იხლიჩება ორ პოლიტიკურ ძალას შორის და ამ დაპირისპირებით იმდენად გართულები არიან თავად ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, სულ დაავიწყდათ ქვეყანა, ხალხი და ის, რომ ხალხს ყოვლდღიურად აქვს რეალური, ხელშესახები პრობლემები, რომელზეც არავინ არ ფიქრობს და საერთოდ არის დავიწყებული.

შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანია, ხალხმა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე. თითო-თითო ადამიანი ვერ დაძლევს თავის პრობლემას განათლების სფეროში, სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვაში, ურბანულ სივრცეში. რა თქმა უნდა, ერთი კაცის და ერთი ქალისთვის ძალიან რთულია რეფორმის დაძვრა და გატარება, მაგრამ ენერგია თუ გაერთიანდება, ეს შესაძლებელია. მე და ჩემ გარშემო შეკრებილ ადამიანებს გვაქვს გარკვეული გამოცდილება უკვე და ენერგია კიდევ უფრო მეტი იმისთვის, რომ ეს საერთო ძალისხმევა გავაერთიანოთ და ქვეყანაში ყველამ დავიწყოთ რეალურ პრობლემებზე ფიქრი და რეფორმების გატარება, ვაიძულოთ ხელისუფლება და დანარჩენი ყველა, რომ ეს ქვეყანა წავიდეს წინ”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ის არ გამორიცხავს, რომ ეს ორგანიზაცია დროთა განმავლობაში, ან საპარლამენტო არჩევნების წინ, გარდაიქმნას პოლიტიკურ ორგანიზაციად.

“არ ვიკეკლუცებ და ვიტყვი, რომ ამაზეც გვიფიქრია, თუმცა დღეს სხვა ამოცანა გვაქვს”, – ამბობს ელისაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, მოძრაობა ევროკავშირის დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის მხარდაჭერით სარგებლობს და ადამიანებს არა სხვადასხვა სფეროში ცნობადობის ნიშნით, არამედ ამა თუ იმ სფეროში მაღალი კვალიფიკაციის მიხედვით გააერთიანებს:

“ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რითაც დავიწყებთ, იქნება განათლება. საბავშვო ბაღიდან მეცნიერებათა აკადემიამდე ეს სივრცე და ეს სფერო მთლიანად ითხოვს ძალიან სერიოზულ ცვლილებებს, რეფორმებს და ამაზე ჩვენ ნაფიქრი გვაქვს. იანვარში ან იანვრის ბოლოს ამ ხედვებს ჩვენ წარმოვადგენთ. შეგნებულად არ გვქონდა სტრატეგია და მიდგომა, რომ ე.წ. ცნობადი სახეები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სპორტის წარმომადგენლები ან პოლიტიკაში ე.წ. ცნობადი სახეები ყოფილიყვნენ ჩვენს გუნდში წარმოდგენილი. აბოსლუტურად სხვაგვარი მიდგომა გვაქვს, ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ ადამიანებს. თავის სფეროში პროფესიონალიზმით სახელმოხვეჭილ ადამიანებს და წესიერებით სახელმოხვეჭილ ადამიანებს. შესაბამისად, ჩვენ ხვალ მხოლოდ თანამოაზრეთა ნაწილის წარდგენა გვექნება. მე ხვალაც მივმართავ ხალხს, ყველას, ნებისმეირს, ვინც არის კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და ეს ქვეყანა უყვარს, ნებისმიერი, ძალიან მარტივად შეიძლება გახდეს ჩვენი გუნდის წევრი”, – ამბობს ელისაშვილი.

მისი თქმით,  რომელიმე პოლიტიკურ მოძრაობასთან გაერთიანებას არ გეგმავს და იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნება, ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება:

“არავისთან შეერთებას არ ვაპირებთ, ჩვენ გვაქვს სამოქალაქო მოძრაობა და ვაპირებთ, საზოგადოებასთან ერთად, რეალურად ხალხი ჩავრთოთ ამ ქვეყანაზე ფიქრში და ამ ქვეყნის წინვლის ხედვების ჩამოყალიბებაში.

თუ ჩვენ პოლიტიკურ ძალად გარდავიქმნებით, მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მესამე ძალობაზე და მეხუთეზე და უბრალოდ რომ ტივტივებენ ხოლმე ფულის საკეთებლად, ასეთი რამეების სურვილი არ გვაქვს. თუ ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია გავხდებით, ვიქნებით ყველაზე ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა. მე თვითონ ორ არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და მესამეზე არცერთხელ გავსულვარ, არც ახლა ვაპირებ მაჩანჩალობას არც მე და არც ჩემი თანამოაზრეები”, – ამბობს ელისაშვილი.

“საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” პრეზენტაცია ხვალ, 11:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი