ახალი ამბები

ვარკეთილისა და გურამიშვილის მეტროსადგურების საპროექტო დოკუმენტაცია არაფრად ვარგა – კალაძე

4 დეკემბერი, 2018 • 2789
ვარკეთილისა და გურამიშვილის მეტროსადგურების საპროექტო დოკუმენტაცია არაფრად ვარგა – კალაძე

კახა კალაძის თქმით, ვარკეთილისა და გურამიშვილის მეტროს სადგურების საპრეოქტო დოკუმენტაცია არაფრად ვარგა და სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელახლაა დასაწყები. ამის შესახებ მან დღეს, 4 დეკემბერს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძე განმარტავს, რომ ვარკეთილის მეტროსადგურის საპროექტო დოკუმენტაცია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გაეგზავნა.

“უსაფრთხოება უნდა იყოს მაქსისუმალურად დაცული, აქედან გამომდინარე, ის პროექტები, რომლითაც ვარკეთილში სამუშაოები განხორციელდა, შემიძლია დადასტურებით გითხრათ, არაფრად ვარგა და ყველა საპროექტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი. წლის ბოლოს სრული დოკუმენტაცია გვექნება და მომავალი წლიდან დავიწყებთ მათ განხროციელებას. ანალოგიურია [მდგომარეობა] გურამიშვილის მეტროს სადგურის პროექტთან მიმართებაში,” – ამბობს კახა კალაძე.

ნეტგაზეთი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, ამ დროისთვის უსაფრთხოა თუ არა ეს სადგურები სარგებლობისთვის. მერიაში გვითხრეს, რომ სადგურები მგზავრებისთვის საშიში დღეს არ არის, ვინაიდან ორივე სადგურზე ჭერი უკვე ჩამოშლილი და გატანილია.

ვარკეთილის მეტროსადგური სწორედ ის ადგილია, სადაც 2018 წლის იანვარში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღეს. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლოს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ყვარელრემმშენმა” შეასრულა.

რაც შეეხება სხვა სადგურების რეაბილიტაციას, თბილისის მერი კახა კალაძე დასძენს, რომ სამგორის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დეკემბრის ბოლოს დამთავრდება, ხოლო 2019 წლის იანვრის ბოლომდე დასრულდება ავლაბრის რეაბილიტაცია. მისივე განმარტებით, მომავალ წელს მერია 8 მეტროსადგურის პროექტის შეძენას აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი