ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” ია კერზაიას საკითხზე განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს

3 დეკემბერი, 2018 • 1705
“ევროპული საქართველო” ია კერზაიას საკითხზე განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს

“ევროპული საქართველო” განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტში იბარებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის თქმით, მინისტრმა განმარტება ზუგდიდის მე – 6 საჯარო სკოლის დირექტორის ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით უნდა გააკეთოს.

ოთარ კახიძის თქმით,  ’ქართული ოცნების’’ პოლიტიკური დაკვეთის შესასრულებლად “ია კერზაიაზე განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით  საპროკურორო სტილის დაკითხვები აწარმოეს პირველ და მეორე ტურებს შორის”.

პარლამენტის წევრი განმარტავს, რომ ამ საქმით პორკურატურა უნდა დაინტერესდეს, რადგან  სისხლის სამართლის დანაშაულის სავარაუდო ნიშნებს შეიცავს. მისივე თქმით, ია კერზაია უმძიმეს მდგომარეობაშია და ახლა რეანიმაციაში იმყოფება.

დღეს, 3 დეკემბერს, განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ სამეურვეო საბჭოს მიმართეს, თუმცა საბჭომ კერზაია თანამდებობიდან არ გაათავისუფლა. სამინისტროში განმარტავენ, რომ მიმართვას საფუძვლად ედონსკოლაში ჩატარებული ინსპექტირების დასკვნა.

“ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. არსებული პროცედურის გათვალისწინებით, დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს,” – აცხადებენ სამინისტროში.

სამეურვეო საბჭოს წევრების თქმით, აუდიტის დასკვნაში აღნიშნული დარღვევები დირექტორის გათავისუფლების მიზეზი არ შეიძლება გახდეს. “რადიო ათინათთან” საუბრისას, მასწავლებელი და საბჭოს ერთ-ერთი წევრი შორენა ხობელია ამბობს, რომ შემოწმების დროს სკოლაში წყლის პრობლემა იყო და ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ ყველა შესაბამის უწყებას აცნობა.

“სამეურვეო საბჭო შეიკრიბა და განვიხილეთ, რა დასკვნა მოვიდა სამინისტროდან. რა თქმა უნდა, არცერთი ჩვენგანი არ ეთანხმება იმ გადაწყვეტილებას, რაც იყო მიღებული. შესაბამისად, შევადგინეთ დოკუმენტი, გავაგზავნეთ და ველოდებით სამინისტროს რეაგირებას. აქ არანაირი დარღვევა არ ყოფილა და რაც დასკვნაში წერია, არ შეიძლება დირექტორის გათავისუფლების მიზეზად ჩაითვალოს”, – აცხადებს სამეურვეო საბჭოს წევრი.

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის შვილი, ბაჩანა შენგელია პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს სამინისტროს მიერ სკოლაში ჩატარებულ ინსპექციას. 26 ნოემბერს შენგელიამ Facebook-ზე დაწერა, რომ “არაერთი შეთავაზების მიუხედავად დედამისი არ გახდა “ქართული ოცნების” აქტივისტი, არჩევნების წინ არ გადასცემს მათ მომხრეების სიას და მათივე ცნობიერებით არ არის “მათიანი”. ამ დროს ის არ არის არცერთი პოლიტიკური გაერთიანების აქტივისტი”.

მისი თქმითვე, კერზაიას არცერთი ფორმით არასოდეს გამოუხატავს პოლიტიკური სიმპათია ან ანტიპათია რომელიმე პარტიის მიმართ, არ ეწევა აგიტაციას და არ არღვევს პედაგოგიურ ეთიკას.

როგორც ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შემოუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი