ახალი ამბები

სასეირნო ბილიკები მტკვარზე? – კვლევა მდინარის რეკრეაციულ პოტენციალს შეისწავლის

3 დეკემბერი, 2018 • 2263
სასეირნო ბილიკები მტკვარზე? – კვლევა მდინარის რეკრეაციულ პოტენციალს შეისწავლის

დღეს, 3 დეკემბერს, თბილისის მერმა კახა კალაძემ მისი მუშაობის 1 წელი შეაჯამა და შესაბამისი ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას კალაძემ მდინარე მტკვარიც ახსენა და განმარტა, რომ მდინარის საზოგადოებრივი და ტურისტურლი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებისთვის კვლევა უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს.

კალაძეს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად რას შეეხება კვლევა და რას გულისხმობს მერია, როდესაც ამბობს, რომ მტკვარს დიდი პოტენციალი აქვს. ნეტგაზეთი სწორედ ამის გასარკვევად გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს,  თამარ შარაშენიძეს დაუკავშირდა.

როგორც თამარ შარაშენიძემ განმარტა, აზიის განვითარების ბანკი სრულიად აფინანსებს კვლევას, რომელიც ზაჰესიდან ორთაჭალა ჰესამდე ტერიტორიას მოიცავს და რომლის მიხედვითაც, მტკვრისა და მისი შემოგარენის სრული გამოკვლევა ჩატარდება. კვლევა მოიცავს გარემოსდაცვის კომპონენტებს, მათ შორის, ჰიდროლოგიის, ნაპირების მდგრადობისა და ნატანის განსაზღვრას. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიხედვით, ამავე კვლევით შემოწმდება მტკვრის ბიომრავალფეროვნებაც.

2019 წლის ბოლოსთვის თბილისის მერიას უნდა ჰქონდეს კვლევა, რომელიც ზუსტად იტყვის, თუ რომელი მონაკვეთი იქნება მიმზიდველი და ხელსაყრელი, როგორც ტრანსპორტის, ასევე ტურისტული განვითარების კუთხით. ამავე კვლევით უნდა დადგინდეს, ექნება თუ არა მტკვარს რეკრეაციული სტატუსი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც  მტკვირს ნაპირების სავარაუდო ათვისებასა და მისთვის რეკრეაციული სტატუსის მინიჭებაზე იწყება მსჯელობა.  თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში სწორედ მტკვრის ნაპირებზე საფეხვმავლო ბილიკებსა და წყლის ტრანსპორტის განვითარებაზეა საუბარი.

“რა თქმა უნდა, ეს კვლევა ეხმიანება გენგეგმის ამ კონცეფცისაც. კვლევა უფრო სრულ სურათს მოგვცემს იმ თვალსაზრისით, თუ რა მონაკვეთზე შეიძლება სასეირნო ბილიკების მოწყობა, სად შეიძლება წყლის ტრანსპორტის განვითარება, სად გაკეთდება ამ ტრანსპორტისთვის ჩასხდომა-გადმოსხდომის ბილიკები და ა.შ.

თუმცა ამ ეტაპზე საკითხი ასე ჯერ არ დგას. ამ დროისთვის ჩვენ გვინდა გავიგოთ, აქვს თუ არა მტკვარს ზემოხსენებულის პოტენციალი. იმ შემთხვევაში, თუ კვლევის დასკვნა და რეკომენდაციები გვეტყვის, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია, სხვა მექანიზმებსა და კონსულტაციებს მოვიხმობთ, რათა უკვე გავარკვიოთ, თუ როგორი უნდა იყოს ეს ტრანსპორტი,”- ამბობს თამარ შარაშენიძე.

რაც შეეხება წყლის სისუფთავეს, თამარ შარაშენიძე დასძენს, რომ ამაზე მერიაში  საუბრობენ. თუმცა, მისი თქმით, ეს კომპლექსური საკითხია და მოიცავს არამხოლოდ თბილისს, არამედ სხვა რამდენიმე მუნიციპალიტეტსაც.

“აქ უნდა ჩაერთოს სხვა სახელმწიფო უწყებაც, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ასევე, GWP-ც. სწორედ ერთობლივი მუშაობით უნდა მოხდეს იმ წერტილების იდენტიფიცირება, საიდანაც ხდება მტკვრის დაბინძურება, და ეს არ არის მხოლოდ თბილისის მასშტაბით ჩასატარებელი ღონისძიება,” – დასძენს შარაშენიძე.

მისივე განცხადებით, თუ კვლევა დაადასტურებს, რომ მტკვრისთვის რეკრეაციული სტატუსის მინიჭება შესაძლებელია, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალისთვის.

თბილისში, მტკვრის სანაპიროებზე შესაძლოა სასეირნო ბილიკები მოეწყოს – კონცეფცია

მასალების გადაბეჭდვის წესი