სასამართლო სხდომა დღეს, 13 ივნისს, 11:00 საათზე დაიწყო. მოსარჩელე მხარე იყო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა”, ხოლო მოპასუხე- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ განმარტა, რომ “მწვანე ალტერნატივის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მინისტრმა 2013 წლის 5 ივლისის ბრძანება, რომლითაც მან საყდრისის მაღაროს მოუხსნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მიიღო პროცედურული დარღვევებით, კერძოდ, სამინისტროში არსებულ არქეოლოგიურ საბჭოს საკითხი არ განუხილავს და კომისიის წევრების დისკრეციის ფარგლებში არ გამოუტანია გადაწყვეტილება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს კომენტარი სასამართლო სხდომაზე არ გაუკეთებიათ. მათი თქმით. სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება 24 დღის ვადაში შეუძლია.
კულტურის სამინისტრომ 2013 წლის 5 ივლისს საყდრისის მაღაროს მოუხსნა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი სპეციალურად შექმნილი 11-კაციანი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
მოქალაქეების ნაწილი სამინისტროს გადაყწვეტილებას აპროტესტებს. საყდრისში მუდმივად იმყოფებიან “საყდრისის დაცვის საზოზგადოებრივი კომიტეტის” წევრები, რომლებსაც საყდრისის მაღაროსთან კარვები აქვთ გაშლილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2014 წლის მაისში მოიწვია გერმანელი და ბულგარელი ექსპერტები საყდრისის საკითხის შესასწავლად, მათ დაადასტურეს საყდრისში უძველესი მაღაროს არსებობა.
საყდრისის მაღარო მდებარეობს წიაღისეულის სალიცენზიო ტერიტორიაზე, რომელსაც კომპანია RMG Gold-ი ფლობს. კომპანია ამტკიცებს, რომ ამ ტერიტორიაზე მას ოქროს მოპოვებაში ხელი ეშლება. RMG Gold-მა 2013 წლის თებერვალში მაშინდელ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და ითხოვდა მისთვის კულტურული მემკვიდროების ძეგლის სტატუსის მოხსნას იმ საფუძველზე, რომ საყდრისის მაღაროს არავითარი ღირებულება არ გააჩნდა.