ახალი ამბები

რა გაკეთდა და რა იგეგმება – კახა კალაძემ თავისი საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა

3 დეკემბერი, 2018 • 2376
რა გაკეთდა და რა იგეგმება – კახა კალაძემ თავისი საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 3 დეკემბერს, თავისი საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა. ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე კალაძემ რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მერიის მიერ განხორციელებულ სოციალურ პროექტებზე, ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

სატრანსპორტო პოლიტიკა

დედაქალაქის მერის განცხადებით, 2020 წლიდან თბილისში დამატებით 200 ახალი სტანდარტის 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი შემოვა და მათთვის სპეციალური სწრაფი გადაადგილების დერეფნები შეიქმნება.

როგორც კალაძე ამბობს, 2019 წლის ბოლოსთვის არსებული ავტობუსების პარკი მთლიანად ჩანაცვლდება. ამ დროისთვის მერიამ უკვე შეისყიდა დიზელზე მომუშავე ევრო 6-ის სტანდარტის, MAN-ის ფირმის 10-მეტრიანი 90 ახალი ავტობუსი, რომელიც საქართველოში თებერვლიდან შემოვა. 220 ერთეულ დიზელისძრავიან, რვამეტრიან ავრობუსებზე კი შესყიდვის სატენდერო პროცედურა დასრულდა და მალე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.

დედაქალაქის მერის თქმით, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში, 750 ერთეული ავტობუსს შეიძენენ, რომლებიც არსებულ ძველ ავტობუსებს მთლიანად ჩაანაცვლებს და მათ რაოდენობას 200 ერთეულით გაზრდის.

კალაძის თქმით, 2019 წელს თბილისს ავტობუსების ქსელის მოწყობის დეტალური პროგრამა ექნება, რომელსაც ფრანგული კომპანია “სისტრა” ამუშავებს; მოეწყობა 11 ძირითადი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც დიდი ტევადობის კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიტვირთება.

დედაქალაქის მერის თქმით, სწრაფი გადაადგილებისთვის 11-ივე დერეფანზე გამოიყოფა ავტობუსის ზოლები, რაც კერძო ტრანსპორტთან შედარებით მგზავრობის დროს შეამცირებს:

“უკვე გვაქვს კონკრეტული ქუჩები – შარტავა-კოსტავას მონაკვეთები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის შესაბამისი ზოლებია მოწყობილი. მდინარე მტკვრის საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების კვლევის ჩატარებაში თბილისის მერიას აზიის განვითარების ბანკი (ADB) ეხმარება, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო.

ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ და მტკვარი შესაბამისად გამოვიყენოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კალაძემ თბილისის “მეტროპოლიტენში” დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა, კერძოდ, მისი თქმით, მიმდინარეობს და დაგეგეგმილია, ჯამში, 22 მეტროსადგურის რეაბილიტაცია.

დედაქალაქის მერის თქმით, სექტემბერში “მეტროპოლიტენს” დაემატა ოთხი ახალი შემადგენლობა, ხოლო თებერვალში- კიდევ ოთხი შემადგენლობა. მთლიანობაში, კალაძის განცხადებით, 2018-2021 წლებში თბილისის “მეტროპოლიტენს”, ჯამში, დაემატება 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი შემადგენლობა. დედაქალაქის მერის თქმით, მეტროში მოცდის რეჟიმი შემცირდა და გაიზარდა მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი.

ამასთან, საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს განვითარებას იწყებს.

კალაძის თქმით, დედაქალაქს შვიდი ახალი მეტროსადგური დაემატება. მერის თქმით, დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს ხაზი, მეტროსადგურ “სამგორიდან” აეროპორტის ჩათვლით, ლილოს ბაზრობამდე რვა ახალ სადგურს დააკავშირებს.

როგორც კალაძე ამბობს, ასევე ხორციელდება თბილისის მეტროს რუსთავთან დაკავშირების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და შეირჩევა მეტროს ხაზით რუსთავთან დაკავშირების ოპტიმალური მარშრუტი.

საქმიანობის შეჯამებისას კახა კალაძემ პარკირების საკითხზეც ისაუბრა. კერძოდ, დედაქალაქის მერმა გაიხსენა “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაუქმების საკითხი, რის შემდეგაც  მართვის სისტემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა.

კალაძის თქმით, ამოქმედდა თბილისის პარკინგის მომსახურების სერვისცენტრი, გამოიცვალა პარკინგის  9 000 ნიშანი, დაიხაზა და კეთილმოეწყო 8 000 კვ.მ პარკირების ადგილი.

სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე კახა კალაძემ ტაქსით მომსახურებაზე ნებართვების გაცემაზეც ისაუბრა. დედაქალაქის მერის თქმით, ეტაპობრივად მიმდინარეობს ტაქსების სტანდარტიზების პროცესი.

როგორც კალაძე ამბობს, ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების მიზნით დაწესდა შეღავათები – ჰიბრიდული ავტომანქანის შემთხვევაში, ნებართვის მოსაკრებელი ნახევრდება, ხოლო ელექტროტრანსპორტის შემთხვევაში, სანებართვო მოსაკრებლისგან სრულად ათავისუფლებს:

„როდესაც ტაქსების რეფორმაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თუ რა შეღავათებს მიიღებენ ტაქსის მძღოლები თბილისის მერიისგან. რეგისტრაციაგავლილი ტაქსებისთვის უკვე გამოიყო სპეციალური, უფასო საპარკინგე ადგილები. ნებართვის მფლობელი ტაქსის მძღოლები გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან.

ასევე, ავტომანქანებზე გამოიყოფა სარეკლამო ადგილები. მძღოლებს უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობელი ნიშნები, ქიმწმენდისა და ღებვის ვაუჩერები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ჯანდაცვა და სოციალური პროექტები

კახა კალაძის განცხადებით, იმ მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ. კალაძის თქმით, ამ დროისთვის დაკმაყოფილებულია 411 ოჯახის განაცხადი. აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე კახა კალაძემ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2018 წელს ოპერაცია და მედიკამენტები 30 000 ადამიანს დაუფინანსა. დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის ათივე რაიონში სოციალური პროგრამებით 169 257-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც 34 655 319 ლარი დაიხარჯა.

კალაძის თქმით, აღნიშნული მიმართულება მომავალი წლის ბიუჯეტში 27 მლნ ლარით არის გაზრდილი.

ამასთან, როგორც დედაქალაქის მერი ამბობს, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების მიღებისთვის გამარტივდა პროცედურა, გაფართოვდა “დაავადებათა სკრინინგის” პროგრამა და დაემატა სამი ახალი მაღალტექნოლოგიური მამოგრაფი. როგორც კახა კალაძე ამბობს, გლდანის რაიონში გაიხსნა ეროვნული სკრინინგცენტრის მესამე ლოკაცია.

ტრანსპლანტაციის პროგრამას კი დაემატა ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი, რომელსაც მერია 60 000 ლარით აფინანსებს. კალაძის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები აღიჭურვა პლანშეტური კომპიუტერებით, რომელიც ერთ გამოძახებაზე საშუალოდ 10 წუთს ზოგავს.

ეკოლოგია და ინფრასტრუქტურული პროექტები

საქმიანობის შეჯამებისას კალაძემ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და ეკოლოგიურ პროექტებზეც ისაუბრა. დედაქალაქის მერის თქმით, 251 მისამართზე მოაწყვეს და რეაბილიტაცია ჩაუტარეს პარკებსა და სკვერებს, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 932 894 ლარი დაიხარჯა.

მისი თქმით, მოეწყო ოთხი დიდი პარკი. კერძოდ, გოძიაშვილის, გლდანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და წურწუმიას ქუჩებზე მდებარე პარკები. დიდი პარკების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც განხორციელდება.

როგორც თბილისის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, ამ დროის განმავლობაში, 349 მისამართზე მოეწყო სპორტული, საბავშვო-გასართობი მოედნები და ფიტნეს-ზონები, ამისთვის კი ბიუჯეტიდან 7 345 293 ლარი დაიხარჯა.

კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობის სურვილის შესაბამისად, აღებულია 224 ავტოფარეხი. მათ ადგილას კი სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმოხილვისას თბილისის მერმა აღნიშნა, რომ შემუშავდა მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომლის ფარგლებში, ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების განთავსება დაიწყო.

“თითოეული ნარჩენი მეორად პროდუქტად გარდაიქმნება. ამ მიმართულებთ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ – სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია გვეხმარება, გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯებიც. საპილოტე პროექტის განხორციელებას ორბელიანისა და გუდიაშვილს მოედანზეც ვაპირებთ, სადაც სეპარირების ახალი, თანამედროვე ტიპის ურნები განთავსდება, როგორც სხვადასხვა ევროპულ განვითარებულ ქვეყანაშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას დედაქალაქის მერმა თბილისის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ამჟამად ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო ველობილიკის მოწყობა მიმდინარეობს ბაღის ცენტრალური ტურისტული ბილიკიდან ოქროყანის მიმართულებით წავკისის წყლის სათავეებთან.

კალაძემ მიღწევებს შორის დაასახელა თბილისის 10-ივე რაიონში გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 4 318 მისამართზე, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 611 894 ლარი დაიხარჯა.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, თბილისში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 683 539 კვ.მ. გზის საფარს, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 135 744 331 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, მოწესრიგდა მისქვეშა კომუნიკაციები, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე კი ახალი სატრანსპორტო კვანძი აშენდა. გარდა ამისა, მიმდინარეობს მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ორდონიანი კვანძის მშენებლობა, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა, ასევე, ვარკეთილისა და მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაცია.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, წყალარინების ქსელი ეწყობა მუხიანისა და სოფელ დიღმის დასახლებაში.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტებისა და შშმ პირთათვის ადაპტირებული 11 საბავშვო ბაგა-ბაღი, ხოლო მასშტაბური სარემონტო სამუშაოები თბილისის 38 საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარდა.კალაძემ აღნიშნა, რომ ახალ საბავშვო ბაგა-ბაღებში 600-მდე ადამიანი დასაქმდა, აღსაზრდელებისთვის კი 2 875 თავისუფალი ადგილი შეიქმნა.

ეკონომიკური პოლიტიკა

კახა კალაძის თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს შორის მნიშვნელოვანია “თბილისური ბაზარი”, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს და “რადიო-ქალაქის” პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

“საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა “თბილისური ბაზარი”, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს შეუძლიათ, საკუთარი ნამუშევრები გამოიტანონ და გაყიდონ. ასევე, თბილისის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია “რადიო-ქალაქის” პროექტი, რომელიც მუხიანის დასახლებაში განხორციელდება. გლდანის, მუხიანისა და თემქის მოსახლეობას ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ექნება, სადაც ყველაფერი განთავსდება – კაფეები, რესტორნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი.

ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მივიდეს და დაისვენოს. პროექტს ბიზნესთან ერთად განვახორციელებთ. საინვესტიციო თანხა 50 მილიონ ლარს შეადგენს და 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ამოქმედდა ბიზნეს- აქსელერატორი, რომლითაც ბევრ სხვა მომსახურებასთან ერთად, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ მცირდება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ღამის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

“ჩვენთვის სიახლეა ღამის ეკონომიკის განვითარება და ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. ვცდილობთ, რომ ეს სფერო გავაძლიეროთ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელი შევუწყოთ. ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” “ვარკეთილამდე” “ღამის ავტობუსი” მოძრაობს, რომელიც მგზავრებს გასართობ და კულტურულ ცენტრებთან აკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი