ახალი ამბები

საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციაში 300-მდე ადამიანი მონაწილეობს (live)

13 ივნისი, 2014 •
საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციაში 300-მდე ადამიანი მონაწილეობს (live)

საქართველოს მთავრობის ცნობით, ღონისძიებას ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე-მანუელ ბაროზო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროკომისიის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან, სულ 300 ადამიანი.

 

“მსგავსი მასშტაბის კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისადმი ევროკავშირისა და საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოახლოებული ხელმოწერის ფონზე. საქართველოს მთავრობის მიზანია საერთაშორისო პარტნიორებს გააცნოს ასოცირების შეთანხმების, განსაკუთრებით, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ეფექტიან იმპლემენტაციასთან დაკავშირებული რეფორმების დღის წესრიგი და პრიორიტეტები; წარმოაჩინოს საქართველოში ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები. კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე. ამ მხრივ, აქცენტი გაკეთდება ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე. ისევე, როგორც წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის ევროპული საინვესტიციო ბანკის; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის; საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის; მსოფლიო ბანკის, ასევე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური განვითარების პროექტის „East Invest“საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. კონფერენცია ითვალისწინებს პარალელურ სექტორულ სესიებს, რომლებზეც განხილული იქნება ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობები კონკრეტულ პრიორიტეტულ სფეროებში: საფინანსო სექტორი, ტურიზმი, ენერგეტიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა”, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება 80 მილიონი ევროს ღირებულების ინფრასრტრუქტურულ პროექტს.

 

კონფერენციის მსვლელობის პარალელურად სასტუმრო „რედისონში“ იმართება ქართული პროდუქციის გამოფენა. საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენცია საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ევროკომისიის მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, „EastInvest“, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, ევროპული ბანკის, ევროპული საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირი- საქართველოს ბიზნეს საბჭოსთან ერთად. 

 

ღონისძიებას მიმდინარეობს შეგიძიათ თვალი ადევნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი