ახალი ამბები

ოპოზიციის აქციას სარალიძე და მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ

2 დეკემბერი, 2018 • 1021
ოპოზიციის აქციას სარალიძე და მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიციის აქციას შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ.

ორივე მათგანმა 80 დღეზე მეტია, განაახლეს აქციები რუსთაველის გამზირზე, მათი შვილების საქმეების სათანადო გამოძიების მოთხოვნით. ზაზა სარალიძის შვილი, დავით სარალიძე, რომლის დაღუპვიდანაც დღეს 1 წელი გავიდა, 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ ჩხუბს ემსხვერპლა. მალხაზ მაჩალიკაშვილის ვაჟი, თემირლან მაჩალიკაშვილი კი გასული წლის დეკემბერში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

მათ აქციაზე მისულ ადამიანებს მადლობა გადაუხადეს და საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს.

“დღეს ძალიან მძიმე დღე იყო ზაზასთვის, ზაზასთან ერთად ჩემთვის. დღეს წლისთავი იყო ზაზას ბიჭის, დათოსი. ღმერთმა გაანათლოს მისი სული, მეორე ბიჭის სული და ყველასი, ვინც წავიდნენ ჩვენგან.

მე იმ დღის მეშინია, როცა გახდება თემირლანის წლისთავი. ვაითუ არ გაირკვეს თემირლანის მკვლელობის ამბავი? ვაითუ არ დაისჯებიან ის ადამიანები?” – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

“ჩემთვის, ჩემს მოკლულ შვილთან ერთად, მოკვდა იმ საქართველოს ნაწილიც, რომელმაც ტალახი გვესროლა და რომლებიც დღემდე კბილებით იცავენ ჩემი შვილების მკვლელებს. მხოლოდ ერთს გთხოვთ: სამართალმა უნდა იზეიმოს, რათა არ იყოთ ხვალ შემდეგი. ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია პარლამენტის წინ ამ წუთებში მიმდინარეობს. ოპოზიცია არ აღიარებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, მოითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და სამუშაო ჯგუფის შექმნას “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად”. ის ასევე გეგმავს, სასამართლოს გზით მოითხოვოს მეორე ტურის შედეგების გაბათილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი