ახალი ამბები | , ,

დროულად გამოიძიონ რუსთავი2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმა – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

1 დეკემბერი, 2018 | | 1895
დროულად გამოიძიონ რუსთავი2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმა – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ რუსთავი2-ის ჟურნალისტებზე 30 ნოემბერს თავდასხმის საქმე. ქარტია ინციდენტს უწოდებს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას.

რუსთავი2-ის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და არხის ოპერატორი იმყოფებოდნენ ორგანიზაციის, “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, ოფისში და თავმჯდომარისგან, ნანა კაკაბაძისგან, ცდილობდნენ ინფორმაციის მიღებას ორგანიზაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციას 1 500-ზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდა საარჩევნო უბნებზე.

არხის კადრებში ჩანს, რომ კაკაბაძე ჟურნალისტებისგან ოფისის დატოვებას ითხოვს.

როგორც ქარტიის განცხადებაშიც წერია, კაკაბაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა “რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალება აღარ მისცეს და ჟურნალისტი და ოპერატორი ოფისიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ეთიკის ქარტია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, დროულად გამოიძიონ ეს საქმე და გამოძიების შედეგები საზოგადოებას გააცნონ.

“ყოველი ასეთი შემთხვევის უყურადღებოდ დატოვება და დამნაშავე პირების დაუსჯელობა ახალისებს ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ და აუარესებს სამუშაო გარემოს”, – წერია ქარტიის განცხადებაში.

“არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც საჯარო უწყებები, დაინტერესებულნი უნდა იყვნენ უზრუნველყონ გამჭირვალობა და ითანამშრომლონ მედიასთან. ამასთან, მათ ხელი უნდა შეუწყონ მედიის წარმომადგენელთა პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელებას. იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი პროფესიული ეთიკის წესებს ან/და კანონით დადგენილ მოთხოვნებს დაარღვევს, ამისთვის არსებობს ცივილური ფორმები. დაუშვებელია ძალადობა და თავდასხმა”, – ვკითხულობ განცხადებაში.

საქმის გამოძიება რუსთვი2-ის ჟურნალისტებმაც მოითხოვეს.

რუსთავი2-ის ცნობითვე, გამოძიება დაწყებულია სამი მუხლით: ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა, სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების და სხვის ტერიტორიაზე შეჭრის მუხლებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი