ახალი ამბები

ძლიერი მიწისძვრა ალასკაზე – გამოცხადდა ცუნამის განგაში

30 ნოემბერი, 2018 •
ძლიერი მიწისძვრა ალასკაზე – გამოცხადდა ცუნამის განგაში

აშშ-ში, ალასკას შტატის სანაპირო რაიონებში, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის განგაში გამოცხადდა. CNN-ის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები, რომელთა სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღწევდა,  დღეს, 30 ნოემბერს, შტატის უდიდეს ქალაქ ანკორიჯთან ახლოს დაფიქსირდა.

პოლიციის ცნობით, “ბევრი სახლი და შენობა დაზიანდა. მრავალი გზა და ხიდი დაიკეტა”.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ქაოტური სცენები ჩანს: ქალაქ ანკორიჯში მიწისძვრამ გზის ერთი მონაკვეთი ჩაიტანა. ასევე დაზიანდა ამავე ქალაქში მდებარე ტელევიზიის, KTUU-ს შენობა, რომლის მაუწყებლობაც მიწისძვრის შემდგომ შეწყდა.

როგორც კიდევ ერთი ტელეარხის, KTVA-ს თანამშრომლებმა CNN-ს განუცხადეს, მათი ოფისი იმდენად დაზიანებულია, რომ სტუდიაში შესვლას ვერ ახერხებენ.

“ჭერი ჩამოინგრა. სტუდიაში შესვლაც არ შეგვიძლია”, – აცხადებდნენ ისინი.

აშშ-ის გეოლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრას მინიმუმ 4 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. აქედან ყველაზე ძლიერი, 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგი კვლავ ქალაქ ანკორიჯში დაფიქსირდა.

ალასკას პოლიცია იმ ტერიტორიების მოსახლეობას მიმართავს, სადაც ცუნამის განგაშია გამოცხადებული, შემაღლებულ ადგილებზე განლაგდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი