კვლევის ავტორმა, საიას იურისტმა, სულხან სალაძემ განმარტა, რომ მთავრობამ კომპანიას მიწის მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება 2014 წლის ბოლომდე გაუგრძელა, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს.
სულხან სალაძემ განმარტა, რომ ლიცენზიის ვადის გადაწევა პირდაპირ უკავშირდება საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტს. კვლევის მიხედვით, RMG რეალურად ფლობს 1994 წელს გაცემულ ლიცენზიას, რომელშიც შედიოდა საყდრისი-ყაჩაღიანის უბანიც და რომელსაც ვადა გასდიოდა 2014 წლის აპრილში. RMG ასევე ფლობს 2012 წელს Mining Investments-ის სახელზე გაცემულ ლიცენზიას, რომელშიც არ შედის საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორია.
ამიტომ, თუ RMG ვერ მოახერხებდა 2014 წლის აპრილამდე საყდრისის ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებას, მაშინ კომპანიას ამის სამართლებრივი უფლება აღარ ექნებოდა და ამიტომაც მიმართა მან მთავრობას თხოვნით რამდენიმე დღით ადრე ლიცენზიის გადავადებაზე, რადგან იმედი ჰქონდა, რომ საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის პრობლემა მალევე მოგვარდებოდა, მიაჩნია სალაძეს.
„ამ პროცესში საიამ ვერ შეძლო ისეთი დოკუმენტის მოპოვება, რომლითაც ნათელი გახდებოდა, სააგენტომ საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი განკარგულების პროექტის წარდგენამდე RMG Gold-ისგან რაიმე დამატებითი დოკუმენტი ან არგუმენტაცია მოითხოვა, თუ მხოლოდ კომპანიის მიმართვა გახდა საკმარისი, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელებულიყო“,- წერია კვლევაში.
გარემოს დაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ 2014 წლის 4 აპრილის განკარგულების მიღება, რომლითაც RMG-ის გაუგრძელდა წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, განპირობებული იყო მთელი რიგი პროცესებით, რომლებმაც 2013-2014 წლებში შეაფერხა კომპანიის, როგორც სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრულ გეოლოგიურ მინაკუთვნზე წიაღით სარგებლობის პროცესი.
გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, კომპანიას 8 თვით გაუგრძელდა ლიცენზიით სარგებლობის ვადა, რადგან დავამ საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის დამცველებთან ამავე პერიოდით შეაჩერა კომპანიის მოქმედება. სამინისტრომ იხელმძღვანელა “სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების მიხედვით (მე-61 მუხლის მე-3 პუნქტი).
ასევე მან გათვალისწინა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „შპს „RMG Gold”-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულება, რომლის თანახმადაც, ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელდა ადეკვატური ვადით, ანუ 2015 წლის 1 იანვრამდე.
სულხან სალაძე განმარტავს, რომ ეჭვს იწვევს კომპანიის მიერ 2012 წელს ლიცენზიის მინიჭების გარემოებები. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 18 იანვარს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისთვის გასამართი აუქციონის სალიცენზიო პირობები დაამტკიცა და საწყისი ფასი 110 მილიონი ლარით განსაზღვრა.
აუქციონი 2012 წლის 29 იანვარს უნდა გამართულიყო. ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 27 წლით და ძალაში 15 იანვარს უნდა შესულიყო.

მთავრობის მიერ აუქციონის გამოცხადებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში, 2012 წლის 13 თებერვალს თბილისში „mining Investments” დარეგისტრირდა. კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წლის მფლობელი იყო რუსეთში მცხოვრები ლიტვის მოქალაქე ალვიდას ბრუსოკასი, აღნიშნულია კვლევაში.
ბრუსოკასმა იმავე წლის 27 მარტს, აუქციონში გამარჯვებიდან 27 დღის შემდეგ, კომპანიის 100%-იანი წილი კვიპროსში დარეგისტრირებულ კომპანია Noonstar co Ltd-ს 1000 ლარად მიყიდა. თავის მხრივ მყიდველი კომპანია Noonstar co Ltd-ს საწესდებო კაპიტალი 2 000 ევროს შეადგენდა, ხოლო მისი დამფუძნებელი ასევე კვიპროსული კომპანია Cyproman Services Limited იყო.
2012 წლის მაისში, Noonstar co Ltd-ის გადაწყვეტილებით, სოლომონ ცაბაძემ შპს „Mining Investments“-ის დირექტორის თანამდებობაზე ალვიდას ბრუსოკასი ჩაანაცვლა.
კომპანიაში დირექტორის შეცვლიდან ერთ თვეზე მცირე დროში Noonstar co Ltd-მა კომპანია Mining Investments დააგირავა და საქართველოს ბანკისგან სესხის სახით 68 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. დამგირავებლის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად 150 მილიონი აშშ დოლარი განისაზღვრა. ამ ხელშეკრულების გაფორმების დროს Noonstar co Ltd-ს მფლობელი Pamptilon Holdings Limited იყო.
სულხან სალაძე ამბობს, რომ ქვემო ქართლში არსებული წიაღისეულის ლიცენზიის მფლობელები პრაქტიკულად ერთი და იგივე პირები არიან. მისი თქმით, RMG Gold-ის, RMG Copper-ის, Mining Investment-ისა და ამ კომპანიების როგორც სამეთვალყურეო საბჭოში, ასევე, მმართველ თანამდებობებზე არიან სოლომონ ცაბაძე, ზურაბ ქუთელია, ადვიდას ბრუსოკასი, სერგეი ეგანოვი, დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟევი.
კომანია RMG საიას კვლევას გამოეხმაურა და ორგანიზაცია და კონკრეტულად საიას აღმასრულებელი დირექტორი კახა კოჟორიძე კომპანიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ მოქმედებაში დაადანაშაულა.

კომპანია აცხადებს, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება მოხდა მოქმედი კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის სრული დაცვით და უსაფუძვლოდ გამოთქმული ვარაუდი იმის შესახებ, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა კორუფციულ ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, კიდევ ერთხელ ადასტურებს საიას მხრიდან საკითხისადმი სუბიექტურ დაინტერესებას და ტენდენციურობას.
კომპანია აცხადებს, რომ RMG ჯგუფში შემავალი კომპანიები დღემდე მოქმედებენ 1994 წელს გაცემული ლიცენზიების საფუძველზე, ხოლო 2012 წელს ზემოაღნიშნული ლიცენზიები ხელახლა შეისყიდეს, მოქმედების თარიღით 2014 წლიდან. კომპანია აცხადებს, რომ მათ ღია აუქციონის წესით ლიცენზიებში საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა გადაიხადეს (110 500 000 ლარი).
RMG-ის მიაჩნია, რომ კორუფციულ გარიგებების შესაძლებლობაზე საუბარი ცილისწამებას წააგავს:
„კორუფციული გარიგებების თემა არ გახლავთ მხოლოდ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების “ექსკლუზივი”. ამგვარ გარიგებებში შესაძლებელია საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ცალკეული წევრები ან არასამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე ცალკეული პირებიც მონაწილეობდნენ.“
კომპანია მიიჩნევს, რომ საიას კვლევა კომპანიაზე ბოლო პერიოდში განხორციელებული შეტევის ნაწილია, რომლის პროცესშიც ამჯერად კომპანიის რეპუტაციის საერთაშორისო დონეზე შელახვის სცენარი იქნა გათამაშებული.
RMG აცხადებს, რომ კომპანია მიმართავს ბიზნესომბუდსმენს მოცემული შემთხვევის განხილვის მოთხოვნით და უახლოეს დღეებში გადაწყვეტს სამართლებლივი რეაგირების თაობაზე.
საიამ აღნიშნული კვლევა გასულ კვირას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს გააცნო, ხოლო დღეს მისი პრეზენტაცია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში გამართა.







