ნეტგაზეთი | პოროშენკო ნატოს აზოვის ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნას სთხოვს პოროშენკო ნატოს აზოვის ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნას სთხოვს – Netgazeti
პეტრო პოროშენკო. ფოტო: EPA/MYKHAILO MARKIV / POOL

პოროშენკო ნატოს აზოვის ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნას სთხოვს

პეტრო პოროშენკო ნატოს წევრებს, მათ შორის, გერმნიას, საბრძოლო ხომალდების გაგზავნას სთხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გერმანია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა და პოროშენკო იმედს გამოთქვამს, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები უკრაინის მხარდასაჭერად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აზოვის ზღვაში საკუთარ საბრძოლო ხომალდებს გაგზავნიან.

პოროშენკოს განცხადებით, პუტინს აზოვის ზღვის ოკუპირება სურს და ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება ის შეაჩეროს, დასავლეთის ერთობაა:

“ჩვენ ვერ შევეგუებით რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. თავდაპირველად ეს ყირიმი იყო, შემდეგ- აღმოსავლეთ უკრაინა, ახლა მას აზოვის ზღვა სურს. გერმანიამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, რას გააკეთებს პუტინი შემდეგ, ახლა თუ არ შევაჩერეთ?” – თქვა პოროშენკომ.

რა მოხდა აზოვისა და შავ ზღვებს შორის 25 ნოემბერს

25 ნოემბრის საღამოს რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტესთან ახლოს, შავ ზღვაში, ცეცხლი გაუხსნა, ხომალდები კი დააკავა. ინციდენტის შედეგად, რუსეთის ცნობით, სამი უკრაინელი მეზღვაური დაშავდა, კიევის ინფორმაციით კი – 6.

უკრაინული მხარის ცნობით, 23 მეზღვაური რუსეთს ტყვედ ჰყავს აყვანილი.

აღნიშნული ინციდენტი 25 ნოემბრის დილას დაწყებული პროცესების გაგრძელებაა. დაძაბულობის ესკალაციაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კიევის ცნობით, “ღიად აგრესიული ქმედებები” რუსეთის მხრიდან პირველად მაშინ განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან [შავი ზღვა] მარიუპოლისაკენ [აზოვის ზღვა] მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულ ბუქსირს განგებ შეეჯახა, შედეგად ბუქსირის რამდენიმე ნაწილი დაზიანდა.

უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ გემების გადაადგილება წინასწარ, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად იყო დაგეგმილი. საპასუხოდ, რუსეთის FSB კიევს ადანაშაულებს “რეგიონში კონფლიქტური ვითარების შექმნასა” და უკანონო შეჭრაში რუსული ტერიტორიული წყლების იმ ზონაში, რომელიც “დროებით დახურულია”.

BBC-ის ცნობით, ინციდენტის შემდეგ რუსულმა მხარემ ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის ქვეშ ტანკერი ჩააყენა და აზოვის ზღვაში შესასვლელი დაბლოკა, რასაც მოსკოვი უსაფრთხოების ზომებით ხსნის. უკრაინის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ კიევის კუთვნილი გემები სწორედ ქერჩის სრუტით ცდილობდნენ შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში შესვლას.

აღნიშნულიდან მალევე ადგილზე გამოჩნდა ორი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი, რომლებიც კიევის კუთვნილ გემებს აკონტროლებდნენ.  ქერჩის სრუტის მიმართულებით ასევე გაიგზავნა CU-25-ის ტიპის რუსული ბომბდამშენები.

უკრაინული “უნიანის” ცნობით, სრუტის ჩაკეტვის შემდეგ უკრაინული გემები უკან გაბრუნებას აპირებდნენ, თუმცა რუსული მხარე მათ შეჩერებისკენ მოუწოდებდა და ცეცხლის გახსნით ემუქრებოდა.

2003 წლის შეთანხმების მიხედვით, რომელიც მოსკოვსა და კიევს შორის გაფორმდა, ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა საზიარო ტერიტორიულ წყლებს წარმოადგენს. თუმცა ბოლო პერიოდში რუსეთმა დაიწყო ყველა ხომალდის შემოწმება, რომელიც შედის ან გადის უკრაინიდან.

რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლის მარტიდან აქვს ანექსირებული. უკრაინის აღმოსავლეთით კი, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები მოქმედებენ. აქ მიმდინარე საომარ მოქმედებებს 2014 წლიდან დღემდე 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთი ირწმუნება, რომ სეპარატისტებს პირდაპირ დახმარებას არ უწევს და ადგილზე მხოლოდ რუსი “მოხალისეები” მოქმედებენ.

ნატო და ევროკავშირი რუსეთს ქერჩის სრუტის გახსნისკენ მოუწოდებენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.