ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. საიამ კენჭისყრის დღეს სულ 78 საჩივარი დაწერა. მათ შორის 36 საჩივარი უბანზე და 42 საჩივარი საოლქო საარჩევნო
კომისიებში.
ორგანიზაციის მიერ უბნებზე გამოვლენილი დარღვევები მოიცავს: სავარაუდო გაყალბების, ამომრჩევლის მოსყიდვისა და მუქარის ფაქტებს; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ცალკეული შემთხვევებსა და ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტები.
სავარაუდო გაყალბების ფაქტები და განმეორებით ხმის მიცემის მცდელობები
- სავარაუდო გაყალბება – მარნეულის #49 საარჩევნო უბანი;
- განმეორებით ხმის მიცემის მცდელობები (წალენჯიხის #11 და ოზურგეთის #7
საარჩევნო უბნები); - მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის ფაქტები (მარნეულის #48, #13, #11
უბნები).
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
- ამომრჩევნლის სავარაუდო მოსყიდვის 2 ფაქტი დაფიქსირდა ხობის #15 უბნის
მიმდებარე ტერიტორიაზე.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
- კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი მის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ცალკეული ორგანიზაციების დამკვირვებლებს ან/და კომისიის წევრებს აძლევდა (ახალქალაქის #1, ახმეტის #4 და #12, გურჯაანის #19, წალენჯიხის #15, ზუგდიდის #53 საარჩევნო უბნები);
- კაბინაში ფოტოგადაღების 2 ფაქტი დაფიქსირდა ახალქალაქის #4 საარჩევნო უბანზე.
საიაში აცხადებენ, რომ მარნეულის #59 უბნის გარეთ მომხდარ ფაქტს ამ ეტაპზე სწავლობენ და შემთხვევაზე ორგანიზაციის პოზიცია შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.
რაც შეეხება ხმის დათვლის პროცედურას, საიას ინფორმაციით, წალენჯიხის #10 უბანზე ბიულეტენების დათვლისას 19 ბიულეტინზე რეგისტრატორის ხელმოწერა არ იყო, რის გამოც ის ბათილად იქნა ცნობილი. ბათილი 19 ბიულეტინიდან
2 შემთხვევაში შემოხაზული იყო ნომერი 48, ხოლო დანარჩენ 17 შემთხვევაში – ნომერი 5.
საია აფასებს 2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს, რომელსაც საია თბილისისა და 9 რეგიონის 28 საარჩევნო ოლქში 300 -მდე დამკვირვებლით აკვირდებოდა.