ახალი ამბები

ვაშაძე და სხვა ლიდერები საკუთარ გეგმას მხარდამჭერებს ფილარმონიაში გააცნობენ

29 ნოემბერი, 2018 • 1769
ვაშაძე და სხვა ლიდერები საკუთარ გეგმას მხარდამჭერებს ფილარმონიაში გააცნობენ

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” ხვალ, 18:00 საათზე ფილრამონიაში საკუთარ ამომრჩეველსა და მხარდამჭერებს, ასევე აქტივისტებს შეხვდება. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

“იმ ძალადობის ფონზე ჩატარებულ მეორე ტურს არ ვიცი, შეიძლება საერთოდ ვუწოდო თუ არა არჩევნები”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია საბოლოო შედეგებს ელოდება და ყველა ხმას დაიცავს. ვაშაძის თქმით, სახიფათო ინციდენტები ამ წუთებშიც გრძელდება.

“მარნეულში დაძაბულობაა, ლაგოდეხში სროლა იყო”, – თქვა ვაშაძემ.

მისივე თქმით, “ძალა ერთობაშიამ’ გადაწყვიტა ხვალ ამომრჩეველს შეხვდეს, გააცნოს საკუთარი გეგმები.

“გეგმები შეაფასოთ და ამაზე თანხმობა მოგვცეთ”, – მიმართა მან ამომრჩეველს.

ვაშაძის განმარტებით, გეგმა უკვე არსებობს, თუმცა სურთ, რომ ჟურნალისტებზე ადრე მხარდამჭერებს გააცნონ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დაუმორჩილებლობასა და აქციებზე, ვაშაძემ ასე უპასუხა:

“მე ჩემი მეუღლის, ჩემი ქალიშვილის და ამ ადამიანების თანაგუნდელი ვარ უპირველეს ყოვლისა. ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა, არ გაცხადებულა ამ ტრიბუნასა და ამ შტაბში, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად”.

კიდევ ერთ კითხვაზე, იზიარებს თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადების შინაარსს, ვაშაძემ უპასუხა:

…ვიმეორებ, ეს რჩება ერთი ადამიანის პირად აზრად. მე რომ ვიზიარებდე, ეს იქნებოდა ამ შტაბისა და გაერთიანებული ოპოზიციის აზრი”.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 28 ნოემბერს, ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობას ამსტერდამიდან “რუსთავი 2”-ის ეთერით მიმართა და მხარდამჭერების საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა. სააკაშვილის თქმით, საყოველთაო დაუმორჩილებლობის მიზანი უნდა იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა.  მან ასევე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა დაბრუნდეს საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი