ახალი ამბები

რაში დაიხარჯება აშშ-ის მიერ “ბორდერიზაციით” დაზარალებულთა დასახმარებლად გამოყოფილი ფული

9 ივნისი, 2014 • • 1169
რაში დაიხარჯება აშშ-ის მიერ “ბორდერიზაციით” დაზარალებულთა დასახმარებლად გამოყოფილი ფული

“სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანათავმჯოდმარეობით გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ დეტალურად შეისწავლა აღნიშნული სოფლების პრობლემები. კვლევის შედეგებით გამოკვეთილ საჭიროებების ნაწილზე რეაგირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხერხდა, ნაწილის გადაჭრაში კი დახმარება საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვა. სახელმწიფო მინისტრის აპარატი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კომისიის რეკომენდაციებს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ამჯერად დახმარებისთვის მზადყოფნა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გამოთქვა. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დასახმარებლად დამატებით 5 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფის თაობაზე. როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლების შედეგად დაზარალებულ პირებს, რეგიონში დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომის გაზრდას, ეროვნული ერთიანობის ხელშეწყობას. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მადლიერებით აღნიშნავს შეერთებული შტატების მხრიდან ამგვარ ინიციატივას და მიაჩნია, რომ აღნიშნული დახმარება რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება”, – ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ აშშ-ის მიერ განსაზღვრული პაკეტი მართლაც ადეკვატურია იმ საჭიროებებისა, რომლებიც რეგიონში დგას.


ზაქარეიშვილი აქციის მონაწილეებს შეხვდა
ზაქარეიშვილი აქციის მონაწილეებს შეხვდა


“5 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტში შედის გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები პირების დახმარება, დაახლოებით 40 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტით, რომელიც ითვალისწინებს სასმელი წყლის სისტემის, სარწყავი არხების, სადრენაჟო სისტემისა და სოფლის გზების რეაბილიტაციას და რომლითაც 4 ათასამდე ოჯახი ნახავს სარგებელს; ეს დახმარება ასევე ხელს შეუწყობს შემოსავლის ახალი წყაროს გაჩენას გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები დაახლოებით 2000 განსაკუთრებულად მოწყვლადი ოჯახისთვის პროფესიული გადამზადების, ფინანსებისადმი წვდომისა და მიკროსამრეწველო დახმარების ურუნველყოფის გზით, გაზრდის ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის ობიექტური ინფორმაციისადმი წვდომას. აღნიშნული დახმარება ასევე მხარს დაუჭერს ეროვნული ერთიანობის ხელშეწყობის ისეთ მცდელობებს, როგორიცაა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, განათლება და ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ახალგაზრდული საქმიანობები. აღსანიშნავია, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების დასახმარებლად შეერთებული შტატების მხრიდან ეს არ არის პირველი ინიციატივა. კერძოდ, 2014 წლის 26 თებერვალს აშშ- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღნიშნული მიზნით 1,5 მილიონი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფის თაობაზე განაცხადა”, – ვკითხულობთ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი