ახალი ამბები

“საქართველოს ლატარიის კომპანიის” ყოფილი უფროსი პასუხისგებაში მისცეს

9 ივნისი, 2014 • • 1373
“საქართველოს ლატარიის კომპანიის” ყოფილი უფროსი პასუხისგებაში მისცეს

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, განსაკურებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემული იქნა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის, „EXIMUS HOLDING“-ის დირექტორი ალექსანდრე გოგოხია, რომელიც წარსულში ხელმძღვანელობდა შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“. ვინაიდან ალექსანდრე გოგოხია თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება წარედგინება დაუსწრებლად. გამოძიებით დადგენილია, რომ 2014 წლის აპრილის მეორე ნახევარში, გიორგი ღონიაშვილის ორგანიზებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა განიზრახეს პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად დ. კეზერაშვილის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის „EXIMUS HOLDING“-ის კუთვნილი ანგარიშიდან თანხების საქართველოში უკანონო გადმორიცხვა ისე, რომ მომხდარიყო გადმორიცხული თანხების ნამდვილი დანიშნულების შენიღბვა და მისითვის კანონიერი სახის მიცემა, რომელიც შემდგომში მოხმარდებოდა პოლიტიკურ პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობას’’. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის „EXIMUS HOLDING “-ის დირექტორმა ალექსანდრე გოგოხიამ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა დაამზადეს ყალბი ხელშეკრულება, რომელშიც მიუთითეს, თითქოს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულმა კომპანია „BROOKTRADE“-მა კომპანია „EXIMUS HOLDING “-ს გაუწია სხვადასხვა სახის კვლევა და მომსახურება, სანაცვლოდ კომპანია „EXIMUS HOLDING“-ი იღებდა 1 500 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას. 2014 წლის 04 მაისიდან 03 ივნისამდე პერიოდში, აღნიშნული ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, ალექსანდრე გოგოხიამ, გიორგი ღონიაშვილმა და გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა კომპანია „EXIMUS HOLDING“-იდან კომპანია „BROOKTRADE“-ის ანგარიშზე ეტაპობრივად გადარიცხეს 760 000 აშშ დოლარი. უკანონოდ მოპოვებული ფულადი თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ შედგენილ იქნა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე 760 000 აშშ დოლარი, ასევე, ეტაპობრივად გადმოირიცხა საქართველოში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის ანგარიშზე, რაც შემდგომ მიიღო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრმა გიორგი ღონიაშვილმა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი