ახალი ამბები

საოლქო საარჩევნო კომისიებში 171 საჩივარი შევიდა

28 ნოემბერი, 2018 • 1247
საოლქო საარჩევნო კომისიებში 171 საჩივარი შევიდა

17:00 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 171 საჩივარი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერ ანა მიქელაძის ინფორმაციით, მათი ძირითადი ნაწილი დაწერილია გადასატან ყუთთან, საარჩევნო უბანზე აგიტაციასთან, წილისყრისა და მარკირების პროცედურებთან და საარჩევნო უბნიდან არაუფლებამოსილი პირების გაძევებასთან დაკავშირებით.

“საჩივრები შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონით განსაზღვრულ ვადებში იქნება შესწავლილი და განხილული”, – განაცხადა მიქელაძემ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარნეულის 49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სავარაუდოდ ორჯერ მისცა ხმა.

“მიუხედავად იმისა, რომ საუბარია მხოლოდ ერთეულ შემთხვევაზე, საარჩევნო ადმინისტრაციისათვის დადასტურების შემთხვევაში, ცხადია, ეს არის არსებითი ხასიათის დარღვევა და საარჩევნო ადმინისტრაცია კნონით დადგენილ ვადებში მოახდენს აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირებას”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი