ახალი ამბები

პირადობის მოწმობების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია – ცესკო

28 ნოემბერი, 2018 • 1466
პირადობის მოწმობების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე გარკვეული პროცედურული სახის დარღვევები დაფიქსირდა.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორმა ამორმჩეველმა ვაკეში, მე-2 და მე-14 საარჩევნო უბნებზე ხმა მისცეს ყალბი პირადობის მოწმობებით.

“ერთ შემთხვევაში მოქალაქეს ჰქონდა სამართლებრივად ვალიდური პირადოიბის მოწმობა, უბრალოდ ეს მოწმობა დიდი ხნის აღებული იყო. მეორე შემთხვევაში დაფიქსირდა ხარვეზი – პირადობის მოწმობის შეუმოწმებლობა, თუმცა პირადობის მოწმობების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ასევე გამოეხმაურა საია-ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატი შოთა ხაბარელი საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. იქიდან გამომდინრე, რომ აღნიშნული კანონდარღვევას წარმოადგენდა, მიქელაძის თქმით, შოთა ხაბარელს აკრედიტაცია გაუუქმდა.

“გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბნებზე არსებულ პლანშეტებში აღარ არის ჩატვირთული ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფოტოსურათიანი სია არასდროს ყოფილა ჩატვირთული უბანზე არსებულ პლანშეტებში, რამდენადაც პლანშეტების მეხსიერება არ იძლევა ამის შესაძლებლობას. საარჩევნო უბანზე პლანშეტების დარიგებას აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება – ეს არის ამომრჩევლებისთვის მათი საარჩევნო უბნების მითითება”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გლდანში, 68-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები გარეთ გავიდნენ.

რაც შეეხება ხულოს #1 უბნის გადასატან ყუთს, ანა მიქელაძის თქმით, გადასატანი ყუთით ხმის მიცემისას ამომრჩეველი არ იმყოფებოდა სახლში და მის ნაცვლად ხმა მისმა მეუღლემ მისცა.

“ვინაიდან დაირღვა ხმის მიცემის პროცედურა, გადასატან საარჩევნო ყუთს მიიტანენ საოლქო საარჩევნო კომისიაში და შესაბამისი კომისია იმსჯელებს გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობის საკითხზე”, – დასძინა მიქელაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი