ახალი ამბები

მარნეულში თავმჯდომარემ ჩვენს დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ISFED

28 ნოემბერი, 2018 • 953
მარნეულში თავმჯდომარემ ჩვენს დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ISFED

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, მარნეულში კომისიის თავმჯდომარემ მათ დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ორგანიზაციის ცნობით, შემთხვევა #10 საარჩევნო უბანზე მოხდა.

“საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს შეუზღუდეს ფოტო-ვიდეოგადაღების უფლება. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტელეფონით გადაღება საარჩევნო უბანზე აკრძალულია. იგი დამკვირვებელს „თავის დაჩეჩქვით“ დაემუქრა და ტელეფონის წართმევაც სცადა. დამკვირვებელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიას წარუდგინა საჩივარი. რეგისტრაციის ცნობის მოთხოვნის შემდეგ, მას კომისიის თავმჯდომარემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და უბნიდან გამოაძევა,”-აცხადებენ ISFED-ში.

15:00 საათისთვის “სამართლიანმა არჩევნებმა” ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ერთი ფაქტი თბილისში დააფიქსირა.  ISFED-ის ინფორმაციით,  #65 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე  დამკვირვებელმა დაინახა, როგორ გადასცა „ქართული ოცნების“ ე.წ. კოორდინატორმა ამომრჩეველს ფული. “დამკვირვებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა თანხა გადასცა კოორდინატორმა ამომრჩეველს,  უპასუხა, რომ ფული ასესხა.”

“სამართლიანმა არჩევნების” ცნობით, ბათუმში, ზუგდიდსა და ბორჯომში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები იყო.

  • ბათუმის #74 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის
    კაბინაში ბიულეტენისათვის სურათის გადაღების ხუთამდე ფაქტი. ფოტოებს
    ამომრჩევლები უბნის გარეთ მდგარ სამარშრუტო ტაქსში მყოფ პირებს აჩვენებდნენ.
  • ზუგდიდის  #80 საარჩევნო უბანზე სამმა ამომრჩეველმა კაბინიდან
    გამოსვლისას „#48“ შემოხაზული ბიულეტენი დაანახეს კომისიას. კომისიის
    თავმჯდომარემ აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინა რეაგირება და მისცა შესაბამისი
    მითითება, რომ კონვერტში მოეთავსებინათ ბიულეტენი.
  •  ბორჯომის #20 საარჩევნო უბანზე სამ ამომრჩეველს საარჩევნო
    კაბინიდან გამოსვლის შემდგომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ღიად შეუმოწმა
    საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული არჩევანი.

ამ დროისათვის „სამართლიანმა არჩევნება“ საუბნო საარჩევნო კომისიებში 22 საჩივარი შეიტანა. ასევე, 22 საჩივარი არის წარდგენილი საოლქო საარჩევნო კომისიებში.

ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების სავარაუდო მცდელობის 10 შემთხვევა დააფიქსირდა ISFED-ის მიერ:

  • დედოფლისწყაროს #8 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ
    „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც სიებში აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს. მათ გამოხატეს აგრესია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელის მიმართ, რომელიც ცდილობდა ფაქტის დაფიქსირებას.
  •  საგარეჯოს #25 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ საპრეზიდენტო
    კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები, რომლებიც სიებში
    აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს.
  •  კრწანისის #1 საარჩევნო უბნის გარეთ, მანქანაში იმყოფებოდა
    „ქართული ოცნების“ რამდენიმე ე.წ. კოორდინატორი, რომლებსაც ჰქონდათ
    ამომრჩეველთა ფოტოებიანი სიები და აღრიცხავდნენ, თუ ვინ მიიღო არჩევნებში
    მონაწილეობა.
  •  გლდანის  #30, #31, #32, #33 და #40 საარჩევნო უბნების გარეთ
    მობილიზებული იყვნენ „ქართული ოცნების“ ე.წ. კოორდინატორები, რომლებიც
    აღრიცხავდნენ ამომრჩევლებს.
  •  რუსთავის #39 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ სავარაუდოდ
    „ქართული ოცნების“ წარმომადგენელები, რომლებიც სიებში აღრიცხავდნენ
    ამომრჩეველთა გამოცხადებას. დამკვირვებლის მისვლის შემდეგ მათ დატოვეს საარჩევნო უბნის ტერიტორია.
  •  სამგორის #56, #58, #59 და #87 საარჩევნო უბნების გარეთ
    იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ სიები,
    თუმცა დამკვირვებლის მიახლოებისას ისინი მალავდნენ აღნიშნულ დოკუმენტაციას.
  •   ჩოხატაურის #33 და #36 საარჩევნო უბნების წინ მობილიზებული
    იყვნენ პედაგოგები, დირექტორები და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.
  • თერჯოლის „ქართული ოცნების“ ოფისთან სამარშრუტო ტაქსით
    ამომრჩევლები ჩამოიყვანეს, რომლებსაც უთხრეს, რომ მიიყვანდნენ საარჩევნო უბნებზე,
    სადაც დააფიქსირებდნენ თავიანთ არჩევანს.
  •  ბათუმის #25, #31, #32, #65, #69 და #77 საარჩევნო უბნებზე
    „ქართული ოცნების“ აგიტატორები იყვნენ მობილიზებული, ხოლო #58 უბანთან
    იმყოფებოდა ასევე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ომარ
    მახარაძეც, რომელიც აგიტაციას ეწეოდა.
  • დიდუბის #34 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი
    ამომრჩევლის სახელს და გვარს ხმამაღლა კითხულობდა .

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 651 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ასევე წარმოდგენილი არიან საზღვარგარეთ გახსნილ 12 საარჩევნო უბანზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი