ახალი ამბები

ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა – ცესკო

28 ნოემბერი, 2018 • 1382
ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათიდან გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერ ანა მიქელაძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

“ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩევლები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა”, – განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერ ამომრჩეველს, ვისაც სურვილი აქვს, დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკო-ს ვებ-გვერდით, სადაც ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას ან დარეკოს საინფორმაციო ცენტრში, ნომერზე: 2 51 00 51.

“საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. ამას გარდა, დაუშვებელია საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეოგადაღება”, – განაცხადა მიქელაძემ.

ცესკო-მ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

“შევახსენებთ მოქალაქეებს, რომ დღეს არის უქმე, არასამუშაო დღე. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თითოეული ამომრჩევლის აქტიურობა მნიშვნელოვანია”, – აღნიშნავენ ცესკო-ში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.

საქართველოს მოქალაქეებმა დღეს, 28 ნოემბერს, პრეზიდენტი უნდა აირჩიონ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი