ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე ჩრდილოეთ კორეისგან აღიარებას მოელის

27 ნოემბერი, 2018 • 2014
აფხაზური მხარე ჩრდილოეთ კორეისგან აღიარებას მოელის

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პალატის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის მიზანი, ოფიციალური ინფორმაციით, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეული პროდუქციის ექსპორტის საკითხის განხილვაა.

აფხაზეთის დე ფქტო რესპუბლიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, თამარ მირცხულავას თქმით, აფხაზეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ოფიციალური ურთიერთობების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, რის შემდეგაც აფხაზეთის დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა, სადაც მხარეებმა სავაჭრო სფეროში ორმხირივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

“ამ ქვეყნის შესახებ ბევრი მითი გაქარწყლდა. ძალიან წარმატებულად ვითარდება ეს რესპუბლიკა, რომელიც აფხაზეთის მსგავსად საკუთარი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის”, – ამბობს აფხაზური მხარის წარმომადგენელი.

მირცხულავას ცნობითვე, სავაჭრო ბრუნვა მათ შორის უკვე არსებობს: აფხაზეთის სამშენებლო ფირმებში ჩრდილოეთ კორეის 250-ზე მეტი მოქალაქეა დასაქმებული. აფხაზეთიდან ჩრდილოეთ კორეაში სასმელი გადის ექსპორტზე და სავაჭრო კავშირები კიდევ უფრო განვითარდება.

მირცხულავა ასევე ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ არის შორეული პერსპექტივა.

“ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შემდეგ, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაც არ არის შორეული ნაბიჯი”.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის გარდა აფხაზეთი, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს სირიამ, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ. ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მათ საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებს.

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის მიერ ყირიმის შეერთების კანონიერებაც ცნო. ბოლო წლებში რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სხვადასხვა სფეროში რიგ შეთანხმებებს მოეწერა ხელი. რუსული მხარის ცნობით, ყოველწლიურად რუსეთის ფედერაცია ჩრდილოეთ კორეელებს 35 ათას სამუშაო ადგილს სთავაზობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი