ახალი ამბები

შემოწირულება მეორე ტურისთვის: ზურაბიშვილი – 3.3 მილიონი, ვაშაძე – 782 ათასი

26 ნოემბერი, 2018 • 1919
შემოწირულება მეორე ტურისთვის: ზურაბიშვილი – 3.3 მილიონი, ვაშაძე – 782 ათასი

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 3 321 704 ლარი შეწირეს, ოპოზიციონერ გრიგოლ ვაშაძეს კი – 781 855 ლარი. ვაშაძისთვის განკუთვნილი თანხა გადაურიცხეს უშუალოდ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც კოალიცია “ძალა ერთობაშიას” წევრია. ვაშაძე სწორედ ამ გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატია.

მეორე ტურისთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემწირველებს შორის არიან ხატია დეკანოიძე (45 ათასი ლარი), შოთა მალაშხია (40 ათასი ლარი), ყოფილი დეპუტატი პაატა ლეჟავა (30 ათასი ლარი), ლია გრინ (59  880 ლარი), ზაზა ბიბილაშვილი (60 ათასი ლარი), რეჟისორი და პროდიუსერი დავით იმედაშვილი (60 ათასი ლარი) და ა.შ. დროის ამ მონაკვეთში პარტიას, სულ, 99-მა პირმა შესწირა თანხა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას თანხა 200-მდ ეპირმა შეწირა, რომელთა შორის არიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები არიან: ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია “მილადა ინთერნეიშენალი” (100 ათასი ლარი), ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია Pace Georgia-ს დირექტორი ირაკლი თათეიშვილი (60 ათასი ლარი), ამავე კომპანიის პარტნიორი თეიმურაზ კერვალიშვილი (50 ათასი ლარი) და ა.შ.

შემომწირველთა სრული და დეტალური სიის ნახვა შეგიძლიათ აუდიტის სამსახურის ვებსაიტზე.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს, 28 ნოემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი