ახალი ამბები

დღეს თბილისში, უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართება

26 ნოემბერი, 2018 • 1247
დღეს თბილისში, უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე თბილისში, უკრაინის საელჩოსთან სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ მართავს უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ აქციას, “რომლის მიზანია დაგმოს რუსული აგრესია და მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი რეაქცია იქონიოს რუსეთის ძალადობრივ ქმედებებზე”.

“25 ნოემბერს შავ ზღვაში უკრაინულ სასაზღვრო სამსახურის ხომალდებს რუსულმა სამხედრო გემებმა ცეცხლი გაუხსნეს. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, თავს დაესხა სუვერენულ ქვეყანას და შავი ზღვის რეგიონში შექმნა საომარი სიტუაცია.  ამ აქციით სამოქალაქო მოძრაობას სურს კიდევ ერთხელ დააფიქსიროს პოზიცია, რომ „რუსეთი ოკუპანტია“, – ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

25 ნოემბრის საღამოს რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტესთან ახლოს, შავ ზღვაში, ცეცხლი გაუხსნა, ხომალდები კი დააკავა. ინციდენტის შედეგად, რუსეთის ცნობით, სამი უკრაინელი მეზღვაური დაშავდა, კიევის ინფორმაციით კი – 6.

უკრაინული მხარის ცნობით, 23 მეზღვაური რუსეთს ტყვედ ჰყავს აყვანილი.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მხარი დაუჭირა უკრაინაში საომარო მდგომარეობის გამოცხადებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი