ახალი ამბები

ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს “ბრექსიტის” გეგმას

25 ნოემბერი, 2018 • 1747
ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს “ბრექსიტის” გეგმას

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გეგმას ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა “ტვიტერზე” დაწერა.

27 ქვეყნის ლიდერი ბრიუსელში ერთი საათის მანძილზე მსჯელობდა, რის შემდეგაც ყველა მათგანი დოკუმენტის მხარდაჭერაზე შეთანხმდა.

BBC-ის ცნობით, აღნიშნული პროცედურის შედეგად, ბრექსიტთან დაკავშირებულ ორ დოკუმენტს დაუჭირეს მხარი:

  • ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის 585-გვერდიან დოკუმენტს, რომელიც ქვეყნის მიერ ევროგაერთიანებისთვის გასვლისას გადასახდელ თანხას(39 მლრდ ფუნტი), მოქალაქეთა უფლებებსა და ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვრის საკითხის მოწესრიგებას გულისხმობს.
  • პოლიტიკურ დეკლარაციას, რომელიც განსაზღვრავს, როგორი იქნება ლონდონისა და ბრიუსელის ურთიერთობები ბრექსიტის შემდეგ,.

ეს 18 თვიანი კონსულტაციების შედეგია ლონდონსა და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს შორის მას შემდეგ, რაც 2016 წლის რეფერენდუმზე გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის 52%-მა ქვეყნის ევროგაერთიანებიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი ჯერ წინაა: ახლა დოკუმენტი ბრიტანეთის პარლამენტში უნდა გადაიგზავნოს, სადაც მის დამტკიცებას კანონმდებელთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. პროცესების ზუსტი პროგნოზი რთულია, ვინაიდან შეთანხმების მოცემულ ვარიანტს მოწინააღმდეგეები ჰყავს როგორც ბრექსიტის მომხრე კონსერვატორებს, ისე ოპოზიციაში მყოფ ლეიბორისტებს, ლიბერალ-დემოკრატებსა და სხვებს შორის.

ზემოაღნიშნული შეხვედრის დაწყებამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას “ტრაგედია” უწოდა. ქვეყნის პრემიერმა, ტერეზა მეიმ კი გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას ღია წერილით მიმართა, რომლითაც მოუწოდა, ევროკავშირიდან გასვლის გეგმას მხარი დაუჭირონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი