ნეტგაზეთი | ბარბაროსობა უკრაინელთა დასამორჩილებლად – ვაშინგტონი “ჰოლოდომორზე” ბარბაროსობა უკრაინელთა დასამორჩილებლად – ვაშინგტონი “ჰოლოდომორზე” – Netgazeti

ბარბაროსობა უკრაინელთა დასამორჩილებლად – ვაშინგტონი “ჰოლოდომორზე”

უკრაინაში გასული საუკუნის 30-იან წლებში მოწყობილი მასობრივი შიმშილის, “ჰოლოდომორის” 85-ე წლისთავს, კიევთან ერთად, ვაშინგტონშიც იხსენებენ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და “ჰოლოდომორი” კომუნიზმის ერთ-ერთ დანაშაულად მოიხსენია.

“ამ თვეში ჩვენ ვუერთდებით უკრაინელებს მსოფლიოს გარშემო “ჰოლოდომორის” 85-ე წლისთავის აღსანიშნავად, როცა მილიონობით უდანაშაულო უკრაინელი იოსებ სტალინის რეჟიმმა სასიკვდილოდ აშიმშილა.

საბჭოთა კავშირის მიერ უკრაინის მიწისა და ხორბლის ბარბაროსულად ხელში აღება ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზანს, დაემორჩილებინათ უკრაინელი ერი. კატასტროფული, ადამიანის მიერ მოწყობილი შიმშილი არის XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი აქტი და შემახსენებელი კომუნიზმის დანაშაულებისა”, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინელები დღესაც იღუპებიან რუსეთთან ბრძოლაში, რომელიც ცდილობს, ხელყოს მათი იდენტობა და დასავლური მისწრაფებები.

“დღეს, უკრაინელები კვლავ იღუპებიან რუსეთის მცდელობის შედეგად, დაანგრიოს უკრაინელთა იდენტობა და დასავლური მისწრაფებები. რუსეთის მიმდინარე აგრესიამ აღმოსავლეთ უკრაინაში 10 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მიუხედავად ამისა, რუსეთი ვერ გატეხს უკრაინულ უდრეკ სულს და ვერც მის სწრაფვას დაასუსტებს უკეთესი მომავლის მიმართ”, – აცხადებენ ვაშინგტონში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ისევე როგორც ხალხის უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი კურსი.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის 3 ოქტომბრის რეზოლუციით, “ჰოლოდომორი” უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდად შეფასდა.

მასობრივ შიმშილს, რომელიც “ჰოლოდომორად”(უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) იწოდება, უკრაინაში ადგილი 1932-33 წლებში ჰქონდა. საბჭოთა მმართველობისას შექმნილ კოლექტივებში გაწევრიანებაზე უკრაინელი გლეხების წინააღმდეგობის პასუხად, მათ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ძალით ართმევდნენ. სხვადასხვა მონაცემებით, შიმშილს რამდენიმე მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინა აღნიშნულის მოწყობაში საბჭოთა ოფიციალურ პირებს ადანაშაულებს და შიმშილს უკრაინელი ფერმერებისა და გლეხების წინააღმდეგ დამსჯელ ზომად განიხილავს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან