რასა იუკნევიჩიენე. ფოტო: EPA/JERRY LAMPEN

რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა – ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ექსპრეზიდენტი ვალების ჩამოწერაზე

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ექსპრეზიდენტი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს მთავრობის ინიციატივას ვალების განულებაზე, ამომრჩევლის მოქრთამვად აფასებს. ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუს დროს ისაუბრა.

“გავიგე ამის შესახებ. გასულ კვირას ჰალიფაქსში ქართველ პარლამენტარებს შევხვდი და მათ განმიმარტეს, თუ რას ნიშნავს ეს ჟესტი. რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა. შეუძლებელია ამის სხვაგვარად დანახვა და ის ცალსახად მიუღებელია”, – აღნიშნა მან.

მანამდე, მთავრობის ეს ინიციატივა, რომელიც შავ სიაში მყოფი 600 000 ადამიანისთვის ვალების ჩამოწერას გულისხმობს, ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასეს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.  როგორც სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, საკითხით სამართალდამცველი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. ინიციატივას საქართველოს მთავარი პროკურატურა უკვე სწავლობს.

იუკნევიჩიენემ ინტერვიუს დროს საარჩევნო პროცესზეც ისაუბრა. მისი თქმით, დემოკრატიის კუთხით საქართველო რეგიონში ისევ ლიდერია, თუმცა 2012 წლის არჩევნებთან შედარებით, “სახეზეა ნაბიჯი უკან”. ამ კონტექსტში მან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და პოლარიზებული მედიასივრცე ახსენა.

“არჩევნებმა მშვიდად და გამართულად ჩაიარა, მაგრამ საარჩევნო კამპანიისას, რა დროსაც ტემპერატურა მაღალი იყო, პრობლემებმა იჩინა თავი. ვნახეთ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს ძალიან არაპროპორციულად ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებდნენ. ეს კი დემოკრატიისათვის სასარგებლო არ არის.

ამას გარდა, ზოგიერთ მედიასაშუალებას შეუფერებლად, მხოლოდ ერთი კანდიდატის წარმოსაჩენად იყენებდნენ. 2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან”, – თქვა მან.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მდივანმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, არასამთავრობო სექტორის მიმართ მთავრობის რიტორიკა მიუღებელია.

“ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ ეს რაღაც ახალი იყო, რომ მთავრობის წარმომადგენლები დემოკრატიის ამ საფუძველს, არასამთავრობო სექტორს, სასტიკად ესხმოდნენ თავს. მე გავიგე ისე, თითქოს მთავრობას სურს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მას ემსახურებოდნენ. ეს მიუღებელია”, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მასალა ჩასწორდა[14:58] რესპონდენტის თანამდებობის დაზუსტების მიზნით. რასა იუკნევიჩიენეს შემცვლელი 5 დღის წინ, 19 ნოემბერს აირჩიეს და ის უკვე ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან