ახალი ამბები

II ტურისთვის სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა თითქმის 10 ათასით გაიზარდა

23 ნოემბერი, 2018 • 3309
II ტურისთვის სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა თითქმის 10 ათასით გაიზარდა

არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა. თუ პირველ ტურში 3 518 877 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მეორე ტურში სიაში 9 781 ადამიანით მეტი, 3 528 658 ადამიანია დაფიქსირებული. ცესკოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სია საბოლოოა და არჩევნებამდე მასში ცვლილება აღარ შევა.

რას ამბობს ცესკო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა რაოდეობის ზრდის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ:

  • ის ამომრჩევლები, რომლებსაც 28 ნოემბრის ჩათვლით 18 წელი შეუსრულდებათ;
  • გარდაცვლილები, რომლებიც შესაბამისად გამოაკლდნენ ამომრჩეველთა სიას;
  • საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩევლები;
  • ის პირები რომლებსაც პირველი ტურისთვის პირადობის მოწმობა არ ჰქონდათ.

“საარჩევნო სიაში ცვლილებები უკავშირდება იმ პირებს, რომლებსაც 28 ნოემბრისთვის 18 წელი შეუსრულდებათ, მათი მონაცემები საარჩევნო სიას დაემატა. ამას გარდა, 28 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით გარდაცვლილი ადამიანები ამოღებული იქნენ საარჩევნო სიიდან. ვინც იმ ვადაში, რომელიც საარჩევნო კომისიამ დაადგინა ,გაიარა საზღვარგარეთ რეგისტრაცია, მათი მონაცემებიც დაემატა საარჩევნო სიას. ასევე სიაში დაემატა პირველი ტურისთვის არარეგისტრირებული პირების მონაცემებიც. ანუ მათ ვისაც რეგისტრაცია გავლილი არ ჰქონდათ. მაგალითად, არსებობენ პირები, რომლებმაც მეორე ტურის შედეგ პირველად აიღეს პირადობის მოწმობა ან აღადგინეს გაუქმებული დოკუმენტები. ამ მონაცემთა ერთობლიობამ  მოგვცა ეს განსხვავება,”-აცხადებენ ცესკოში.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტურთან შედარებით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საზრვარგარეთ სულ 134-ით მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.

ნეტგაზეთი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც დაუკავშირდა. ეს ორგანიზაცია ერთ-ერთია, რომელმაც მიმდინარე კვირაში ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების თაობაზე  განაცხადა და პროკურატურას მიმართა გამოძიების დაწყების თხოვნით.

საიაში აცხადებენ, რომ II ტურისთვის საარჩევნო სიის ზრდის საკითხს სწავლობენ.

ბევრია თუ ცოტა 9 781 ხმა?

28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში პირველ და მეორე ადგილებზე გასულ კანდიდატებს შორის სხვაობა 1%-ზე ნაკლებია. ზურაბიშვილმა “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან შედარებით  14 348 ხმით მეტი მიიღო.

დღეს ტელეკომპანია „იმედის“  მიერ Gallup International-ისთვის დაკვეთილი კვლევის მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ზურაბიშვილის რეიტინგი 28%-ია, ხოლო ვაშაძის – 26%. ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

მანამდე რ2-ის დაკვეთით, ედისონ რისერჩის მიერ ჩატარებული კვლევა გავრცელდა, რომლის თანახმადაც ვაშაძის რეიტინგი 38% იყო, ხოლო ზურაბიშვილის 34%. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტი.

Gallup International არის ბულგარეთში დაფუძნებული კომპანია, რომელსაც კავშირი არ აქვს ამერიკაში 1935 წელს დაფუძნებულ ავტორიტეტულ კვლევით ორგანიზაცია Gallup World Poll-თან.

“ყალბი პირადობების” სკანდალი

20 ნოემბერს სამმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია ყალბი პირადობების შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.

“საიას”, “სამართლიანი არჩევნებისა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გასულ კვირას მათ მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ.

არასამთავრობოების წყაროს ინფორმაციით,  ყალბი პირადობის მოწმობები სააგენტოს სჭირდება არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაყალბებისთვის.

პროკურატურამ განაცხადა, რომ  ყალბი პირადობების დამზადების მუხლით გამოძიება დაიწყო, თუმცა ასევე თქვა, რომ არასამთავრობოებმა მათ ინფორმაციის წყაროს თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მიაწოდეს. სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ბრალდებები უარყო, ხოლო იუსტიციის მინისტრმა გამოძიების დასრულებამდე განაცხადა, რომ არასამთავრობოები “ტყუილში იქნენ გამოჭეილები”.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს დანიშნა. ცესკომ ეს გადაწყვეტილება 14 ნოემბერს მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი