ახალი ამბები

კალაძემ იპოდრომთან ესტაკადა გახსნა

23 ნოემბერი, 2018 • 3391
კალაძემ იპოდრომთან ესტაკადა გახსნა

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩაზე, იპოდრომთან, თბილისის მერიამ დღეს, 23 ნოემბერს, ახალი ესტაკადა გახსნა. ორდონიანი საავტომობილო კვანძის აშენებაზე 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს სწორედ ის პროექტია, რასაც საზოგადოების ნაწილი მისი დაწყებისთანავე აპროტესტებდა.

კალაძე თავის გამოსვლაში ამბობს, რომ პროექტი ქალაქს საცობებს შეამცირებს, ხოლო ახალი ესტაკადის ადგილას მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. თუმცა, პროექტის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი ესტაკადა ქალაქისთვის დამაზიანებელია ,მხოლოდ მძღოლების ინტერესებსაა მორგებული და მას შესაბამისი კვლევა წინ არ უძღოდა.

“ამ მშენებლობის ფარგლებში შევქმენით პატარა სკვერიც, რომელიც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს იქნება ადგილი, სადაც ექნებათ შესაძლებლობა, დაისვენონ. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ჩვენ გავაკეთეთ საფეხმავლე ბილიკი, რათა ფეხით მოსიარულეებს შეეძლოთ გადაადგილება,” – ამბობს კალაძე თავის განცხადებაში.

ამის საპირწონედ, ორგანიზაცია “იარე ფეხით” ამბობდა, რომ ქალაქის მერიამ პროექტი თავის დროზე მიუხედავად პროექტის წინააღმდეგ შექმნილი პეტიციისა (2235 ხელმოწერით) და სფეროში მომუშავე ექსპერტების აზრისა, მაინც დაამტკიცა.

აღნიშნულ ესტაკადას სამოქალაქო აქტივისტების მხირდან აქციებიც მოჰყვა. ნუ გვაბოლობ! კვლევა დადე! – ამ ლოზუნგებით თბილისის მერიასთან ცინცაძე-კარტოზიას კვეთაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

ახალი ესტაკადის პრეზენტაციის ბოლოს კალაძემ განმარტა, რომ მიუხედავად კრიტიკისა, ხიდი ასბოლუტურად უსაფრთხოა და ზემოაღნიშნულის დასამტკიცებლად პროექტის ავტორებთან ერთად ესტაკადის ქვეშ გაიარა.

ფოტო: თბილისის მერია

ამავე თემაზე

ნუ გვაბოლებ! კვლევა დადე! – აქცია მერიასთან ესტაკადის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი