საავიაციო ქარხნის ყოფილი აქციონერები გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ

თბილისის საავიაციო ქარხნის აქციონერები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროსგან წილის დაბრუნებას “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებშიც უშედეგოდ ითხოვენ, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ გამოდიან. ქარხნის ყოფილი მსხვილი აქციონერები პანტიკო თორდია, ნოდარ ბერიძე და კახაბერ ჟღენტი აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება დაუშვებელია.

“თუკი ზოგადად გვინდა სამომავლოდ ინდუსტრიისა და მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარება და ამასთან ერთად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება, მიგვაჩნია, რომ ყოვლად დაუშვებელია “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება მმართველობაში,” – წერია ყოფილი მფლობელების მიერ გავცელებულ განცხადებაში.

თბილისის საავიაციო ქარხნის ყოფილი მფლობელები სახელმწიფოსგან ქონების დაბრუნებას ითხოვენ.  წილის დაბრუნების მოთხოვნით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მათ პროკურატურასა და სასამართლოს მიმართეს.

როგორც ბიზნესმენები ამბობენ, 2010 წლის ივნისში “თბილავიამშენის” წილები ზეწოლის პირობებში აჩუქეს სახელმწიფოს და ახლა მოითხოვენ, რომ წილის დათმობის ხელშეკრულებები გაბათილდეს, რადგან ეს ყველაფერი იძულებით მოხდა.

2017 წელს საქალაქო სასამართლომ საავიაციო ქარხნის აქციონერთა მოთხოვნა ქონების უკან დაბრუნებაზე არ დააკმაყოფილა. ამჟამად საქმეს სააპელაციო სასამართლო იხილავს.

2012 წელსვე აქციონერებმა მთავარ პროკურატურასაც მიმართეს. საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა და 2016 წელს ძიება შეწყდა. “სამართლიანობის აღდგენა” “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო 2012 წლის არჩევნებზე.

ეკონომიკის სამინისტრო წილების იძულებით დათმობის ფაქტს უარყოფს. მეტიც, აცხადებს, რომ 2010 წელს შპს “თბილავიამშენისა” და სს “თბილავიმშენის” ფინანსური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტეს საავიაციო ქარხნის მეწილეებმა წილების სახელმწიფოსთვის ჩუქება.

 

ბიზნესმენები სახელმწიფოსთვის “ნაჩუქარი” საავიაცო ქარხნის დაბრუნებას ითხოვენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.