ახალი ამბები

ინდოეთის კუნძულზე ადგილობრივების გაქრისტიანების მიზნით ჩასული ამერიკელი მოკლეს

23 ნოემბერი, 2018 • 2058
ინდოეთის კუნძულზე ადგილობრივების გაქრისტიანების მიზნით ჩასული ამერიკელი მოკლეს

ახალი დეტალები იძლევა საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ინდოეთში მოკლულმა ამერიკელმა კაცმა, რომელიც ქრისტიან მისიონერად მიიჩნევდა თავს, იცოდა, იზოლირებულად მცხოვრებ ჯგუფთან კონტაქტის დამყარების მცდელობა სარისკო იყო და მაინც ჩავიდა მათთან, — იუწყება სხვადასხვა გამოცემა.

27 წლის ჯონ ალენ ჩაუ, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთ კუნძულზე გარესამყაროსგან იზოლირებულად მცხოვრებმა ხალხმა მოკლა, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ოჯახს სწერდა, რომ სურდა, იესოსკენ მოექცია ისინი. ის მშობლებს მოუწოდებდა, არ გაბრაზებულიყვნენ არც ამ ტომის წევრებზე და არც ღმერთზე, თუკი მოკლავდნენ.

30 000 წლის ჯგუფი, რომელსაც სენტინელების ტომის სახელით იცნობენ, იზოლირებულად ცხოვრობს ინდოეთის კუნძულ სენტინელზე. BBC-ის ცნობით, სენტინელების რაოდენობა, 50-დან 150 ადამიანამდე მერყეობს. ისინი, როგორც The Guardian-ი წერს, “აგრესიულად უწევენ წინააღმდეგობას გარეშე პირებს”.

სენტინელი ანდამანის და ნიკობარის კუნძულების შემადგენლობაში შედის. კუნძულების მმართველმა CNN-ს უთხრა: “ჩვენ უარს ვამბობთ, ვუწოდოთ მას [მოკლულ ამერიკელს] ტურისტი. დიახ, იგი ტურისტის ვიზით ჩამოვიდა, თუმცა იგი ჩამოვიდა სპეციფიკური მიზნით — ექადაგა აკრძალულ კუნძულზე”.

კონტაქტი სენტინელებთან

როგორც ჩაუ დღიურში წერს, მან მეთევზეების დახმარებით მოახერხა, კუნძულამდე მიეღწია. იგი დღიურში აღწერს, როგორ გაიგონა ადგილობრივების ხმები ნადირობისას — თავიდან ცდილობდა, დისტანცია დაეჭირა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მიუახლოვდა.

“… მიყვიროდნენ, და ვცადე, თუთიყუშივით გამემეორებინა ის სიტყვები, რასაც მეუბნებოდნენ. ძირითადად, ხარხარებდნენ, ასე რომ, ალბათ, ცუდ სიტყვებს მეუბნებოდნენ ან შეურაცხყოფას მაყენებდნენ”, – წერია დღიურში, რომელიც ჩაუს ოჯახმა მედიას გააცნო.

“მეც შემოვძახე: “ჩემი სახელია ჯონი, მე თქვენ მიყვარხართ, და იესოს უყვარხართ”. ვწუხვარ, რომ შიშმა შემიპყრო, როცა დავინახე, როგორ მოზიდეს მშვილდები. თევზი ავიღე და გადავუყარე. მოდიოდნენ და მოდიოდნენ”, – წერდა იგი.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა, — “ასე, ათიოდე წლის ბავშვმა, ან თინეიჯერმა”, — ესროლა კიდეც ისარი, რომელიც, დღიურის თანახმად, ჩაუს ბიბლიას მოხვდა. ამ ყველაფერს, დღიურის თანახმადვე, ჩაუ წერდა მეთევზის ნავზე, რომელსაც 25 000 რუპია (275 ევრო) გადაუხადა კუნძულამდე მისასვლელად.

მომდევნო დღეს, როცა ისევ ემზადებოდა კუნძულზე გადასასვლელად, ჩაუ მშობლებისთვის წერდა: “შეიძლება, ფიქრობთ, რომ შეშლილი ვარ, ამას რომ ვაკეთებ, მაგრამ ვფიქრობ, ღირს, იესოსკენ მოვაქციო ეს ხალხი”.

ამის შემდეგ მან დღიური მეთევზეებს მისცა, თვითონ კი კაიაკით (მსუბუქი ნავით) გაბრუნდა კუნძულისკენ.

მეორე დილას, პოლიციის თანახმად, მეთევზეებმა დაინახეს, რომ ადგილობრივები ვიღაცას მარხავდნენ. სილუეტით, ტანსაცმლით და გარემოებების გათვალისწინებით, მათ ჯონ ალენ ჩაუს სხეული ამოიცნეს. მისი სხეული ჯერაც არ გადმოუსვენებიათ, რამეთუ ინდოეთის პოლიცია სიფრთხილით ეპყრობა კუნძულზე გადასვლას და სენტინელებთან კონტაქტს.


ჩაუს კუნძულამდე მისვლაში დახმარებისთვის შვიდი ადამიანია დაკავებული, მათ შორის, ხუთი მეთევზე.

ინდოეთის ხელისუფლებამ ახლახანს დართო ნება ტურისტებს, კუნძულზე ჩავიდნენ, თუმცა როგორც ანდამანელების უფლებების აქტივისტი, დენის ჯილზი, ამბობს, ხელისუფლება მაინც სთხოვდა ვიზიტორებს, კუნძულზე ჩასვლამდე ნებართვა აეღოთ, რადგან კუნძულის სტატუსი კვლავ “ნაცრისფერ ტერიტორიად” რჩებოდა;

პოლიციის თანახმად, ჩაუ ანდამანის კუნძულებზე ბოლო სამი წლის განმავლობაში ოთხჯერ იყო ნამყოფი.

ოჯახის წევრები ინდოეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოუშვან მისი დახმარებისთვის დაკავებული ადამიანები.

“ჩვენ მივუტევებთ მათ, ვინც მის სიკვდილზეა პასუხისმგებელი”, – წერენ ისინი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი