ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთს რუსეთის სატელეფონო კოდები მიენიჭა

4 ივნისი, 2014 • • 2229
სამხრეთ ოსეთს რუსეთის სატელეფონო კოდები მიენიჭა

შეთანხმების თანახმად, სამხრეთ ოსეთის ნომრები დაიწყება კოდით – 7, ფიქსირებული კავშირის კოდი იქნება 850, მობილური კავშირისთვის – 998. სააგენტო „რესის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეთანხმება მანამდე იმოქმედებს, სანამ სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირში (ITU) არ გაწევრიანდება და საკუთარი საერთაშორისო კოდი არ მიენიჭება.

 

“შეთანხმება თანამედროვე ხასიათს ატარებს და მანამდე იქნება მოქმედი, სანამ სამხრეთ ოსეთს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირში არ მიიღებენ და საკუთარ საერთაშორისო კოდს არ მიანიჭებენ. შეთანხმება 5 წლის განმავლობაში იქმება ძალაში, რის შემდეგაც ავტომატურად გაგრძელდება,”- განაცხადა ალექსეი ვოლინმა, რუსეთის მასობრივი კომუნიკაციებისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილემ.

 

სამხრეთ ოსეთისთვის რუსული სატელეფონო კოდების ოფიციალურად მინიჭების საკითხს განცხადებით ეხმიანება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს, რომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) ინფორმაციისა და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალური სააგენტოა, რომლის წევრიც საქართველო 1993 წლიდან არის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, როგორც გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია), ასევე, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია მას შემდეგ, რაც საქართველო 1992 წელს გახდა გაეროს წევრი ქვეყანა.

 

“აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის ქმედებით კიდევ ერთხელ ირღვევა საერთაშორისო ხელშეკრულებები, ამჯერად სატელეკომუნიკაციო სფეროში. ე.წ სამხრეთ ოსეთის გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს თანხმობის გარეშე შეუძლებელია.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს (ITU) წერილობით და აცნობებს ამ უკანონობის შესახებ,”- აცხადებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი