ახალი ამბები

პრემიერის თქმით, მედია კრიმინალურ ამბებს გადაჭარბებულად აშუქებს

4 ივნისი, 2014 •
პრემიერის თქმით, მედია კრიმინალურ ამბებს გადაჭარბებულად აშუქებს

“არ არის გაუარესებული კრიმინოგენული ვითარება, მინისტრი ჭიკაიძე მუშაობს ძალიან ეფექტურად. სამინისტროს ყველა თანამშრომელი ძალიან მოტივირებულია და ძალიან ოპერატიულად ხსნიან დანაშაულებს და მე მინდა მადლობა ვუთხრა მათ, ყველას”.


პრემიერი ამბობს, რომ მედიასაშუალებების მიერ გადაჭარბებულად ხდება კრიმინალური ფაქტების გაშუქება და ამ თემის ტირაჟირება იმის დასამტკიცებლად, რომ კრიმინალი გაიზარდა.

ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს, 19/11/2013
ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს, 19/11/2013

“დღეს რატომღაც ყველა ავტოავარიას აშუქებენ და ამით იწყებენ ნიუსს. მე არ მინდა, რომ ეს კრიტიკად მიიღოთ, მაგრამ ეს ფონი, რომელსაც მედიასაშუალებები ქმნით, მიმაჩნია, რომ არის ძალიან გადაჭარბებული და მინდა შეგახსენოთ პასუხისმგებლობა ყველას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


მისი თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა დანაშაულის დამალვა და არგაშუქება, მაშინ, როცა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში დანაშაულის სტატისტიკა ხელმისაწვდომი და გამჭვირვალეა.


“მე ანალიზი გავაკეთებინე გასულ წელს, მაინტერესებდა, რამდენი დანაშაული ხდებოდა გასულ წლებში და ჩვენ დროს, რამდენი შუქდებოდა, რამდენი არ შუქდებოდა. დავინახე ძალიან დიდი სხვაობა, 80% მძიმე დანაშაულების არ შუქდებოდა სააკაშვილის დროს, რომელიც ამბობდა, რომ დანაშაული მოსპო ქვეყანაში. ჩვენ დროს აბსოლუტურად პირიქით იყო, დანაშაული იყო შემცირებული და დღეს კიდევ უფრო შემცირდა და გაშუქების თვალსაზრისით იყო აბსოლუტურად განსხვავებული სურათი”,- განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, სამინისტროს მიერ კრიმინალის სტატისტიკის გამოქვეყნება კეთილი ნება იყო:

 

“ამის ვალდებულება სამინისტროს არ აქვს, ეს ადრე იყო კეთილი ნება”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადების მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო პერიოდში დანაშაულის სახეების მიხედვით დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს აღარ აქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი