ახალი ამბები

პავლიაშვილმა და გიგაურმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიაწოდეს-პროკურატურა

21 ნოემბერი, 2018 • 1753
პავლიაშვილმა და გიგაურმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიაწოდეს-პროკურატურა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმეზე, ეკა გიგაურმა და ირმა პავლიაშვილმა გამოძიებას უარი უთხრეს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე. აქედან გამომდინარე, უწყება გეგმავს, სასამართლოს მიმართოს, რათა ეკა გიგაური და ირმა პავლიაშვილი მაგისტრატმა მოსამართლემ დაკითხოს. ამის შესახებ პროკურატურამ დღეს, 21 ნოემბერს, განაცხადა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კანონი მათ არ ავალდებულებს წყაროს გამხელას, აქედან გამომდინარე, პროკურატურაში არ დაასახელეს პირი, რომელმაც არასამთავრობოებს ინფორმაცია მიაწოდა.

“მათ ასევე აინტერესებდათ, რა გარემოებებში მოხდა ინფორმაციის მიღება და გადავამოწმეთ თუ არა ამ ინფორმაციის ნაწილი მაინც, რაზეც ჩვენგან დადებითი პასუხი მიიღეს. სწორედ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე გადავწყვიტეთ ამ განცხადების გაკეთება “, – აცხადებს გიგაური.

პროკურატურის ინფორმაციით, “სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად” გიგაურსა და პავლიაშვილს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულ იმ თანამშრომლის შესახებ ჰკითხეს, რომელმაც მათ  აცნობა ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების თაობაზე.

“ამ ინფორმაციას სრულყოფილი გამოძიებისთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე, 76-ე მუხლების თანახმად, მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ იგი ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს,” – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის ცნობითვე, გიგაურმა და პავლიაშვილმა წყაროს ვინაობის გამხელაზე უარის მიზეზად ამ პირის უსაფრთხოება დაასახელეს. როგორც უწყება ირწმუნება, მზად არიან, ამ წყაროს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კოდექსში განსაზღვრული სპეციალური ღონისძიებები გამოიყენონ.

ეკა გიგაური ადასტურებს, რომ პროკურატურისგან მსგავსი შეთავაზება მართლაც მიიღეს, თუმცა, მისი თქმით, წყაროს არ სურს თავისი ვინაობა გასაჯაროვდეს. ამასთან, ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ თათბირს, სადაც ყალბი პირადობების დაბეჭვდვის საკითხი იხილებოდა, მათი წყარო არ ესწრებოდა.

“სწორედ ამიტომ, ჩვენ ის არ დავასახელეთ,” – ამბობს გიგაური.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, ვისაც საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება, ასეთები არიან ადვოკატი, სასულიერო პირი, სახალხო დამცველი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ჟურნალისტი და სხვა.


“საიას”, “სამართლიანი არჩევნებისა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გასულ კვირას მათ მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ.

არასამთავრობოების წყაროს ინფორმაციით,  ყალბი პირადობის მოწმობები სააგენტოს სჭირდება არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაყალბებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი