ახალი ამბები

ღარიბაშვილი გაუგებარს უწოდებს საქართველო – თურქეთის საზღვარზე გავრცელებულ ინფორმაციას

4 ივნისი, 2014 •
ღარიბაშვილი გაუგებარს უწოდებს საქართველო – თურქეთის საზღვარზე გავრცელებულ ინფორმაციას

“ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სასაზღვრო პოლიციამ და მოუწოდა მედიასაშუალებებს, რომ დეზონფორმაცია, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

“იქ არავითარი გადაადგილება არ ყოფილა  გადმოკვეთა სპეცნაზის გადმოსვლა და გაუგებარი რაღაცები მოვისმინეთ, ძალიან ოდიოზური ადამიანებისგან იყო ეს განცხადებები გაკეთებული”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 

“მაგ პროვოკაციულ ქმედებებზე შესაბამისი უწყებები მოახდენენ რეაგირებას.  ჩემი ინფორმაციით, იქ არაფერი არ ხდება რეალურად და თუ ვინმე ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას, კონკრეტულ რეაგირებას მოახდენენ ამ ადამიანების პროვოკაციულ ქმედებაზე სამართალდამცავები. მე მინდა ვთხოვო სასაზღვრო პოლიციას, რომ გააკეთონ შესაბამისი განცხადება კიდევ ერთხელ. კიდევ ერთხელ გადაამოწმონ, ადგილზე ჩავიდნენ, ნახონ და მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ. ადგილზე აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება, რომელიც ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან არის პროვოცირებული თუ ეს ასე არის. თქვენ კიტოვანი ახსენეთ”- ასე უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას აქციებში თენგიზ კიტოვანის და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მონაწილეობის შესახებ. 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაავალებს სასაზღვრო პოლიციას, რომ მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია მოსახლეობას. 

3 ივნისს საქართველო-თურქეთის საზღვართან მდებარე სოფელში კირნათში  აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ აპროტესტებდნენ თურქეთის მესაზღვრეების მიერ საქართველო-თურქეთის საზღვრის დარღვევას. მათ შორის იყო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, დავით თარხან-მოურავიც. 

 

აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ, რომ კირნათში თურქმა მესაზღვრეებმა დაარღვიეს საქართველო-თურქეთის საზღვარი [ყოფილი საბჭოთა კავშირ-ნატოს საზღვარი] და საკუთარი ბაღებიდან გამოყარეს ადგილობრივი მოსახლეობა. ქართველი მესაზღვრეები, რომლებიც კირნათში არიან გამწესებული, ამბობენ, რომ თურქ მესაზღვრეებს საზღვარი არ დაურღვევიათ და პირიქით – რამდენიმე კირნათელის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, როცა იმ ტერიტორიაზე დაიწყეს „ბოსტნის შემოღობვა“, რაც საქართველოს საზღვრებში არ შემოდის.

აქცია კირნათში
აქცია კირნათში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი