“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს. მე მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის საჭირო აჟიოტაჟი ავტეხოთ და დავძაბოთ საზოგადოება. ჩემი შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება. გარკვეული სპეკულაციები წავიდა, რომ შეიძლება გალის მოსახლეობას პრობლემები შეექმნას. მოგვიანებით გახდება შესაძლებელი უფრო რეალური ანალიზისა და კომენტარის გაკეთება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი ამბობს, რომ არ უკავშირებს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მოახლოებას.
“ჩვენ ვაგრძელებთ კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც დავიწყეთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამას რეალური კონკრეტული შედეგები მოყვა. ასევე, იყო თანმხვედრი ნაბიჯები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, მე ვგულისხმობ რუსეთის ბაზრის გახსნას. სულ რაღაც ათი დღის წინ კიდევ გაიხსნა ბაზარი სოფლის მეურნეობის დამატებითი პროდუქტებისთვის. მიმაჩნია, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯები, რაც ხელისუპლებამ განახორციელა, არის რეალური შედეგის მომცემი”,- აცხადებს ღარიბაშვილი.
აფხაზეთში 27 მაისს ოპოზიციის მიერ გამართული მასშტაბური მიტინგის შემდეგ ადგილობრივმა პარლამენტმა გადააყენა მთავრობა, ხოლო შემდეგ თავად ალექსანდრ ანქვაბი გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში აგვისტოში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში, “ექსპო ჯორჯიაში” ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას მართავს. ეს პრემიერის რანგში ღარიბაშვილის რიგით მეორე პრესკონფერენციაა. დღევანდელ პრესკონფერენციას პრემიერის პრესსამსახურის ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე უწევს მოდერირებას.