ახალი ამბები

ღარიბაშვილი: დაემთხვა ჩვენი და მოსახლეობის სურვილი, რომ არც ერთ რაიონში არ უნდა დარჩეს ნაციონალური მოძრაობა

4 ივნისი, 2014 •
ღარიბაშვილი: დაემთხვა ჩვენი და მოსახლეობის სურვილი, რომ არც ერთ რაიონში არ უნდა დარჩეს ნაციონალური მოძრაობა

 

ღარიბაშვილის თქმით, მან ეს განცხადება გააკეთა, როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა და არა როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

“რა თქმა უნდა, ყველა პოლიტკური ძალის ლიდერი ორიენტირებულია, რომ თავისმა ძალამ მიაღწიოს მაქსიმუმს. მე მჯერა, რომ ყველა რაიონში და სოფელში გავიმარჯვებთ და მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ამას მივაღწიოთ. ეს მოწოდება იყო მოწოდება თითოეული ამომრჩევლისათვის, თითოეული აქტივისტტისადმი, რომ მათი აქტიურობა იყოს გააქტიურებული და მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

მისი თქმით, რამდენად ეთიკური იყო მისი განცხადება, ეს სხვა საკითხია.

 

 

 

“ჩვენ ყველა რაიონში გავიმარჯვებთ და ამაში უჩვეულო არაფერია. ეს არის არა მარტო ჩემი, არამედ მოსახლეობის სურვილი და დაემთხვა ჩვენი სურვილები, რომ არც ერთ რაიონში და არც ერთ სოფელში არ უნდა დარჩეს ნაციონალური მოძრაობა და ასეც იქნება. ჩვენ ხუთი თავით მაღლა ვდგავართ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაზე და, მით უმეტეს, ნაციონალურ მოძრაობაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014. წლის 16 იანვარი. ფოტო:  EPA/ზურაბ ქურციკიძე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014. წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

 

 

გურიაში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის უნდა დაასაქმონ პლანტაციებში, ამის თაობაზე პრემიერმა დღეს განმარტა, თუ რა იგულისხმა:

 

 

 

“მე მას შევთავაზე სამუშაო, სათაკილოა პლანტაციებში მუშაობა? გურიაში ძალიან კარგ ხალხს ვესაუბრებოდი და ვუხსნიდი, რომ ვიწყებთ ადგილობრივ წარმოებას და ყველა რაიონში გაიხსნება საწარმოები, რომელიც სააკაშვილმა გაანადგურა და ეს პლანტაციები, რომელიც აღარ არსებობს გურიაში, ამის აღდგენაზე იყო საუბარი და შევთავაზეთ სააკაშვილს სამსახური”.

 

 

 

ღარიბაშვილის თქმით, იგი სხვებსაც შეთავაზებს ასეთ დასაქმებას:

 

 

 

“ბოკერიას განცხადება მოვისმინე და მასაც დავასაქმებთ, იქნება იმდენი სამუშაო ადგილი, რომ დავასაქმოთ. მე მგონი, ხუმრობა აღარ გესმით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

კითხვაზე, თუ რაზე დასაქმდება თავად პრემიერ-მინისტრი გადადგომის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა:

 

 

 

“ჯერ არ ვაპირებ გადადგომას დიდი ხანი.”

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში, “ექსპო ჯორჯიაში” ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას მართავს. ეს პრემიერის რანგში ღარიბაშვილის რიგით მეორე პრესკონფერენციაა. დღევანდელ პრესკონფერენციას პრემიერის პრესსამსახურის ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე უწევს მოდერირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი