“ბექა წიქარიშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დიდი ოდენობით (65 გრამი) მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 14 წლამდე. აღსანიშნავია, რომ მოცემული კანონი არ ანსხვავებს და ერთნაირად სჯის მომხმარებელსა და გამსაღებელს.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაპროტესტებთ სამართლის უსამართლო პრინციპებს და კი არ ვითხოვთ, არამედ კატეგორიულად მოვითხოვთ ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის შეწყვეტას და იმ თავისუფლების უზრუნველყოფას, რომელიც ყველა ჩვენგანს ეკუთვნის!
საკუთარი მოქალაქეებისათვის აუცილებელი სიკეთეების უზრუნველყოფაზე მუშაობის ნაცვლად, სახელმწიფო სისტემა და პოლიტიკური ელიტა წლების განმავლობაში დამსჯელობითი ქმედებებით არიან დაკავებული.
დაუშვებელია ქვეყანაში, სადაც დახშულია ყველანაირი თავისუფლების განცდა და არ არსებობს ინდივიდის განვითარების თითქმის არანაირი სოციალური და ეკონომიკური პირობა, სახელმწიფო აწარმოებდეს დამამცირებელ და დაუნდობელ პოლიტიკას ნარკომომხამრებლების წინააღმდეგ. ამ კანონმა წლების განამვლობაში უამრავ ადამიანსა და ოჯახს დაუმახინჯა ცხოვრება და საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას იგივეს გაგრძელება აწმყოსა და მომავალში.
ჩვენ არ ვაპირებთ კონკრეტული შემთხვევის გაპროტესტებით დაკმაყოფილებას, თითოეული ბექას მიმართ სოლიდარული ადამიანი ასევე იბრძვის საკუთარი და საზოგადოებრივი თავისუფლებისათვის.
ჩვენი მიზანია არა გართობისა და ნარტოტიკების, არამედ, პირველ რიგში, სოლიდარობისა და ემპათიის პოპულარიზაცია!
ბექა წიქარიშვილს 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და ის ერთ-ერთია იმ უდანაუშაულო ადამიანებს შორის, რომლებსაც სახელმწიფომ ბოდიში უნდა მოუხადოს არაადამიანური მოპყრობის გამო!
სოლიდარობა უსამართლოდ დასჯილ ადამიანებს!
სოლიდარობა ბექა წიქარიშვილს !
ეს ყველას გვეხება!”– აღნიშნულია მანიფესტის ტექსტში.