“სამართლიანი არჩევნების” დირექტორის, ნინო ლომჯარიას თქმით, მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ რეგიონებში ხორციელდება ზეწოლა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების კანდიდატებზე, რათა მათ მოხსნან საკუთარი კანდიდატურები.
“ზეწოლა მიმდინარეობს რამდენიმე პოლიტიკურ პარტიაზე, ძირითადად ეს შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა, ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კანდიდატებმა მოხსნეს საკუთარი თავი რეგისტრაციიდან ისეთი პარტიებიდან, როგორებიც არის “საქართველოს გზა” და სახალხო პარტია. ასევე ზეწოლაზე საუბრობენ ლეიბორისტული პარტიისა და ქრისტიან დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებიც. მსგავსი ტიპის შემთხვევები შეგვხვდა, როგორც მაჟორიტარული კანდიდატების, ასევე, გამგებლობის კანდიდატების მიმართ. იყო შემთხვევები, როცა პარტიული სიის რამდენიმე წარმომადგენელმა ერთდროულად მოხსნა კანდიდატურა”.
არასამთავრობო ორგანიზაციებს განცხადებაში მოყვანილი აქვთ ზეწოლის 32 ფაქტი, რომელიც 10 საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და ასახელებენ იმ კანდიდატებს, რომლებმაც შესაძლოა ზეწოლის შედეგად მოხსნეს საკუთარი კანდიდატურები.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ არის შემთხვევები, როდესაც კანდიდატები ადასტურებენ ზეწოლას, თუმცა, ძირითად შემთხვევებში, ისინი გაურბიან საჯარო დადასტურებას და მხოლოდ პირად საუბრებში ყვებიან ზეწოლის ფაქტებზე.
“ნაწილთან ჩვენ გვქონდა შეხვედრები და გადავამოწმეთ. ზოგი მათგანი უარს ამბობს ამ ფაქტის დადასტურებაზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგი არის მართლა შეშინებული და ზოგი უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ მას შეუთვალეს ან მასზე განხორციელდა პირდაპირ ზეწოლა, იმისთვის, რომ მას მოეხსნა კანდიდატურა”, -აცხადებს გიგაური.
საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ კანდიდატებზე ზეწოლა არის არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, არამედ ცალსახად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.
“ზეწოლა და მუქარა სხვა არაფერია, თუ არა სისხლის სამართლის კოდექსში აღწერილი დანაშაულის შემადგენლობები. ამიტომ მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ინფორმაცია, რაც ვრცელდება ჩვენ მიერ, პოლიტიკური პარტიების მიერ, წარმოშობს პირდაპირ ვალდებულებას სამართალდამცავ ორგანოებზე, რომ მათ დაიწყონ გამოძიება, დაადგინონ ის პირები, ვინც უშუალოდ ახორციელებდნენ ზეწოლას, მისცენ პასუხისმგებლობაში და მოახდინონ ეფექტური რეაგირება. არჩევნებამდე დარჩა ძალიან ცოტა დრო და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს ძალიან უარყოფით შეფასებას იქონიებს მთლიანად საარჩევნო პროცესზე”, – ამბობს კოჟორიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდა იმისა, რომ ადამიანის მიმართ მუქარა და ზეწოლა სისხლის სამართლის დანაშაულია, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებამ შესაძლოა სხვა საფრთხეებიც შექმნას.
კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისიებმა პარტიულ სიაში კანდიდატების არასაკმარისი რაოდენობის გამო შესაძლოა პარტია რეგისტრაციიდან საერთოდ მოხსნან.
ამ მხრივ კანონით შემდეგი კრიტერიუმებია დადგენილი: თუ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს, სიაში მინიმუმ 15 კანდიდატი უნდა იყოს, ხოლო- თუ 75 000-ზე ნაკლები, მაშინ – მინიმუმ 10 კანდიდატი. საარჩევნო კოდექსის მიხედვით კი, თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა, რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ზემოაღნიშნულ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუქმდება პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია, ანუ პარტია, ამ საარჩევნო ოლქში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, მსგავსი პრობლემა დმანისში უკვე შეექმნა “ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას, რომლის ხუთმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა, რის შედეგადაც პარტიას გაუუქმდა პარტიული სია და ვეღარ შეძლებს პროპორციული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ანალოგიური პრობლემა შეექმნა პოლიტიკურ პარტიას “საქართველოს გზა” ახალციხეში. პარტიის სამმა კანდიდატმა ასევე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, რაც პარტიული სიის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდა.
მსგავსი პრობლემის წინაშე იყო ნაციონალური მოძრაობა დმანისში, სადაც პროპორციულ სიაში კანდიდატთა მინიმუმი 10 ადამიანია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 15-კაციან სიაში თავდაპირველად 5-მა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა. ერთი დამატებითი კანდიდატის მიერ სიაში უარის თქმა გამოიწვევდა პარტიის პროპორციული სიის რეგისტრაციის გაუქმებას.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ:
შსს-ს და მთავარ პროკურატურას, დაინტერესდნენ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებით და აღკვეთონ საარჩევნო კანდიდატებსა თუ პარტიების აქტივისტებზე ყოველგვარი ზეწოლა.
უწყებათაშორის კომისიას, შეისწავლოს კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს, არ გადაამეტონ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ყველა მსგავს შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს და საქმის კურსში ჩააყენონ საზოგადოება.