ახალი ამბები

პრემიერი პოლიციელებს: ისე უნდა აღკვეთოთ დანაშაული, რომ მოქალაქის ღირსება არ შეილახოს

30 მაისი, 2014 •
პრემიერი პოლიციელებს: ისე უნდა აღკვეთოთ დანაშაული, რომ მოქალაქის ღირსება არ შეილახოს

პრემიერმა პოლიციელებს მათი პროფესიული დღე მიულოცა, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში 6 მაისს აღინიშნებოდა, ხოლო ახალი მთავრობის მმართველობის დროს – 30 მაისს.

 

“დღეს მთელი ჩვენი საზოგადოება თქვენ იმედის თვალით შემოგყურებთ. თქვენ ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გიწევთ თქვენი მოვალეობის შესრულება. სწორედ ამიტომ არის პოლიციელის საქმე ძალიან საპატიო და დასაფასებელი. დღეს მინდა გავიხსენო და პატივი მივაგო ჩვენს გმირ პოლიციელებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დაცვას შეეწირნენ. ჩვენ დავპირდით ხალხს და მივაღწიეთ იმას, რომ დღეს ქართული პოლიცია არც ერთი პოლიტიკური ძალის სამსახურში აღარ დგას, პოლიცია მთლიანად დეპოლიტიზებულია და ხალხსა და ქვეყანას ემსახურება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრეთ პოლიციის ძალადობა საკუთარ ხალხზე. დამთავრდა ის დრო, როცა პოლიციელის დანახვაც კი შიშის ზარს სცემდა და შეურაცხყოფის მოლოდინს უჩენდა მოქალაქეს. დღეს მოქალაქისთვის სახელმწიფო და პოლიცია გახდა იმედი და მისი უსაფრთხოების დაცვის გარანტი. მაგრამ ამავე დროს, მინდა ყველამ იცოდეს, – ვინც კანონს დაარღვევს და დანაშაულს ჩაიდენს, – ყველა დაისჯება უმკაცრესად! აი, სწორედ აქ უნდა ჩანდეს პოლიციელების პროფესიონალიზმი – ისე უნდა აღკვეთო დანაშული და ებრძოლო დამნაშავეობას, რომ არ დათრგუნო ხალხი, არ შეულახო ღირსება შენს მოქალაქეებს. ჩვენი მიზანია მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ დანაშაულს, როგორც ცივილიზებულ ქვეყანას ეკადრება, და ასე დავამყაროთ წესრიგი. ბატონებო, დღეს ჩვენ გვაყავს პოლიცია, რომელიც მოქმედებს დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვით. და მიუხედავად ამისა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, კიდევ უფრო გაიზარდოს და გაღრმავდეს ნდობა პოლიციასა და საზოგადოებას შორის, რადგან ჩვენ ყველას საერთო მიზანი გვაერთიანებს – სახელმწიფოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების დაცვა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს პოლიცია არავის არ მისცემს იმის უფლებას, რომ დაარღვიოს ხალხის სიმშვიდე.

 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014. წლის 16 იანვარი. ფოტო:  EPA/ზურაბ ქურციკიძე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014. წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

 

პრემიერის თქმით, იგი ძალიან განიცდის, როდესაც პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებით ცალკეული ადამიანებისაგან კრიტიკას ისმენს. მისი თქმით, პოლიცია უნდა იყოს ფრთხილად, რათა თუნდაც არაობიექტური კრიტიკის საბაბიც კი არავის მიეცეს.

 

“ხანდახან მესმის კრიტიკა თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით ცალკეული ადამაინების მხრიდან. მე ამას ძალიან განვიცდი. მიმაჩნია, რომ ხშირ შემთხვევაში ეს კრიტიკა არაობიექტური და უსამართლოა. ამიტომ მინდა გთხოვოთ ყველას, არავის მივცეთ საბაბი თუნდაც უსამართლო კრიტიკის. ამიტომ ჩვენ გვმართებს დიდი გონიერება და სიფრთხილე.

 

მთავრობა ზრუნავს იმისათვის, რომ გაიზარდოს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის შესაძლებლობები; უკვე აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა პოლიციის, მათ შორის, საპატრულო პოლიციის ახალი შენობები; საპატრულო პოლიცია აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. ჩვენ მთავარი ამოცანაა ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ძვირფასო პოლიციელებო! მინდა გჯეროდეთ, რომ პირადად მე, როგორც მთავრობის მეთაური, ყოველთვის თქვენს გვერდით ვარ! იცოდეთ, რომ თითოეულ თქვენგანს ხალხის და ქვეყნის სამსახური აუცილებლად დაუფასდება! კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ყველა თქვენგანს ვუსურვებ მშვიდობასა და წარმატებებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. მინდა გისურვოთ, რომ ყოველთვის ღირსეულად ატარებდეთ პოლიციელის საპატიო სახელს”, – მიმართა პრემიერმა პოლიციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი