ახალი ამბები

ოჯახში ძალადობა და თავდაცვის მექანიზმები

29 მაისი, 2014 •
ოჯახში ძალადობა და თავდაცვის მექანიზმები

გასულ კვირას კი ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, 8 შვილის დედა, 30 წლის ქალი მოკლა ქმარმა. ცოლის მოკვლის მერე ქმარი იპოვეს ხეზე ჩამომხრჩვალი.


წინასწარი ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. ქალი მეცხრე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ. სოფელმა ცოლ-ქმარი ერთად დაკრძალა 24 მაისს. ქარელის რაიონიდან, საიდანაც კაცი იყო წარმოშობით, დაკრძალვაზე მხოლოდ გარდაცვლილის და ჩავიდა ოჩხამურში. სოფელში არ ეზარებათ იმის თქმა, რომ “ქალს ქმარი არ უნდოდა” ან “ბოლო ორ თვეში ვიღაც საყვარელი აუჩენია და ეს ვერ აპატია კაცმა”. ამ სოფელში ყველა კომენტარი თითქმის ერთი და იმავე შინაარსისაა – “გაიგო, რომ ღალატობდა და ვერ აპატია”.

აქცია კანცელარიასთან 24.05.2014
აქცია კანცელარიასთან 24.05.2014

 

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ რვა შვილის დედის მოკვლის შესახებ გაიგო. ქალების მიმართ ძალადობის წინინააღმდეგ თბილისში დაიგეგმა აქცია – “3 თვე=13 ქალის სიცოცხლეს”, სადაც როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნინო თარხნიშვილი წერს, 50-მდე ადამიანი მივიდა. ნინო თარხნიშვილი, როგორც თვითონ წერს ფეისბუქზე, ძალადობის თვითმხილველია ყოველდღიურად:

 

“მე ვცხოვრობ “ხრუშჩოვკაში”. საძინებლის ერთ კედელს ერთ მეზობელთან ვიყოფ, მეორეს – მეორე მეზობელთან და ჭერს – მესამესთან. სამივე მხრიდან, თითქმის ყოველ საღამოს, ქალების კივილი ისმის. ერთი ოჯახი ახალგაზრდაა – ქმარი ცოლთან ერთად, მცირეწლოვან შვილსაც ატირებს, აგინებს. მეორე ოჯახი შუახნისაა. მათ შშმ შვილი ჰყავთ. კაცი ხშირად სვამს და ჭერს თავზე მაქცევს. ტირის ხოლმე როგორც ცოლი, ისე მისი შშმ შვილი. მესამე ოჯახი დედა-შვილია. კაცი, სავარაუდოდ, ალკოჰოლიკია. მოხუც დედას დაჰკივის. ქალი ჯერ რაღაცას ეხვეწება ხოლმე, მერე მოთქმით ტირილს იწყებს… ამ ყველაფრის შემყურე ჩემმა 10 წლის შვილმა გამომიცხადა, რომ არასდროს გათხოვდება… ეს არის ერთი სადარბაზოს მეორე სართულის ამბავი. და რამდენი სადარბაზო და რამდენი მეორე სართულია ამ ქალაქში და არამარტო ამ ქალაქში ასეთი…”

 

პატრიარქალური კულტურის მქონე საქართველოში ქმრის მიერ ქალზე ძალადობა აღიქმება სტანდარტად, ჩვეულებრივ ამბად. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვხედავთ, როგორ სცემენ ქმრები ქალებს, პოლიციაში არავინ რეკავს, რადგან ეს “ოჯახის ამბად” მიგვაჩნია. მარი მესხი, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლთა სახელმწიფო ფონდის დაცვის დირექტორია, არსებულ მდგომარეობის გამო კითხულობს: რამდენი ქალი უნდა მოკლან, რომ ფაქტს დაერქვას ის სახელი, რაც არის? 


XXX


გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების სპეციალისტი, თამარ საბედაშვილი განმარტავს, რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს საქართველოში მოძალადე ქმრისგან თავდასაცავად:

თამარ საბედაშვილი
თამარ საბედაშვილი

 

პირველ რიგში, ქალმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ, რომლის მიხედვითაც არსებობს ორი მექანიზმი – შემაკავებელი და დამცავი ორდერი. არსებობს უფრო მარტივი გზაც, უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე – 2 309 903, სადაც ყველაფერს დეტალურად აუხსნიან, მათ შორის ამ ორი მექანიზმის შესახებ. შემაკავებელი ორდერია, როდესაც ძალადობის ფაქტს აქვს ადგილი და მსხვერპლი, მეზობელი ან ოჯახის სხვა წევრი რეკავს პატრულში. პატრული მოდის და ადგილზე გამოსცემს შემაკავებელ ორდერს, რომელიც 24-საათის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს სასამართლომ. ეს არის ადმინისტრაციული სამართლის ღონისძიება, რომელიც გულისხმობს გარკვეული საქციელის შეზღუდვას მოქალაქისთვის: იმ ვადის განმავლობაში, რა ვადაშიც იქნება გამოცემული შემაკავებელი ორდერი, მოძალადეს აეკრძალება იმ ადგილთან მიახლოება, სადაც იმყოფება მსხვერპლი ან მისი შვილი.

 

თუ ქალი მოძალადე ქმართან ერთად ცხოვრობს სახლში, მაშინ რა ხდება?

 

სწორედ ამ შემთხვევაში მოქმედებს შემაკავებელი ორდერი, მოძალადეს ეზღუდება საკუთრების უფლება, ანუ სახლს, სადაც ცხოვრობდა ცოლთან ერთად, ვეღარ მიუახლოვდება. ოღონდ ეს არის შეზღუდული ვადით. ამ ვადის მერე მხარეებმა გამოსავალი უნდა ნახონ – ან გაშორდნენ, ან გაიყონ ქონება, ან მორიგდნენ.

 

ვთქვათ, მსხვერპლს არ უნდა პოლიციის გავლით მიიღოს შემაკავებელი ორდერი, – ამ შემთხვევაში არსებობს დაცვის მექანიზმი: ქალი მიმართავს არა პოლიციას, არამედ სასამართლოს. სასამართლო გამოსცემს დამცავ ორდერს, რომელიც შინაარსით იგივეა.

 

თუ მსხვერპლს არ სურს მიმართოს სასამართლოს ან პოლიციას, მაშინ შეუძლია მიმართოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც განსაზღვრავს მსხვერპლის სტატუსს. ანუ მსხვერპლი რეკავს ცხელ ხაზზე და ეუბნება, რომ არ უნდა არც პოლიცია, არც სასამართლო და უნდა მსხვერპლის სტატუსი. მსხვერპლის სტატუსი იმისთვის არის საჭირო, რომ განისაზღვროს მსხვერპლს თავშესაფრით უნდა სარგებლობა, თუ სახლში დარჩენა ურჩევნია. შემაკავებელი ორდერის, დამცავი ორდერისა თუ ექსპერტთა ჯგუფის მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსის შემთხვევაში, ქალს ეკუთვნის სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც შეუძლია 3-6 თვეს გაჩერდეს. თუ, ვთქვათ, სახლში არ დაედგომება, რადგან სახლში მეუღლის მშობლებიც ცხოვრობენ, მაშინ უმჯობესია მსხვერპლის სტატუსი მიიღოს და თავშესაფარში წავიდეს.

 

ძალადობის მსხვერპლ ქალებს დაქვეითებული აქვთ თავდაცვის უნარები. რამდენად მოახერხებენ ისინი სტატუსის მოპოვებას დამოუკიდებლად?

 

ეს არ არის რთული, მათ უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე, სადაც მათნაირი მსხვერპლი დაელაპარაკება. ათასობით ადამიანი რეკავს ტელეფონზე. პოლიცია რომ არ უნდათ, ეგ მესმის, მაგრამ ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ, თავდაცვისთვის სხვა გზა არ არსებობს.

 

ყველა კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში ბევრი ქალია ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. შესაბამისად, საინტერესოა, ერთდროულად რამდენი ადამიანის განთავსება შეიძლება თავშესაფარში?

 

ყველამ რომ დაიწყოს რეკვა, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი… ჩვენ ახლა გვაქვს სამი სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც დაახლოებით 50 ადამიანის განთავსება შეიძლება. იხსნება მეოთხე თაშესაფარიც 14 ადამიანზე გათვლილი. არსებობს არასამთავრობოს ორი თავშესაფარიც – სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში. ჯამში, ერთდროულად, 100 ქალს იტევს. თავშესაფრების 80-85 პროცენტი სულ დაკავებულია.

 

რა პირობებია თავშესაფრებში?

 

ეს არის საცხოვრებელი ადგილი, სადაც მსხვერპლისა და მისი შვილებისთვის გამოყოფილია ოთახი, ბავშვებს აქვთ სათამაშო და სამეცადინო კუთხე. არის ცალკე სამზარეულო და სამრეცხაო. ჰიგიენური საშუალებები. 24-საათი მორიგეობს სოციალური მუშაკი და ექთანი, მუშაობენ იურისტი და ფსიქოლოგი. ბავშვები დადიან სკოლაში…
მაგრამ არსებობს გარკვეული ქცევის წესები _ არ შეიძლება ცივი იარაღის შეტანა თავშესაფარში, ალკოჰოლის მოხმარება და ყველაზე მთავარი _ არ შეიძლება თავშესაფრის ადგილმდებარეობის, მისა- მართის გამხელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი