ახალი ამბები

ზალკალიანი: შემაშფოთებელია მოწოდებები სოხუმში ეთნიკურ ნიადაგზე ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციაზე

28 მაისი, 2014 •
ზალკალიანი: შემაშფოთებელია მოწოდებები სოხუმში ეთნიკურ ნიადაგზე ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციაზე

“მე დილიდან მქონდა აქტიური ურთიერთობა საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. დილით შევხვდი გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენლს, თანათავმჯდომარეს ანტი ტურუნენს, რომელიც სოხუმიდან დაბრუნდა. ჩვენ ვუსაუბრეთ იქ შექმნილ სიტუაციაზე. მან მომაწოდა ბოლო ინფორმაცია მიმიდინარე პროცესების შესახებ.

 

გარდა ამისა, მქონდა სატელეფონო საუბარი კიდევ ერთ თანათავმჯდომარესთან,  ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან ანჯელო გნედინგერთან. ასევე შედგა კომუნიკაცია ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი მისიის მეშვეობით. ისინი დეტალურად იქნენ ჩაყენებული საქმის კურსში იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიქმნა სოხუმში.

 

არ შეიძლება ჩვენს შეშფოთებას არ იწვევდეს ის მოწოდებები, რომელიც იქ გაისმის, კერძოდ, ეთნიკურ ნიადაგზე ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ე.წ. პასპორტიზაციის საკითხი, რომელიც იქ გარკვეული ძალების მხრიდან არის გამოყენებული თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ საერთაშორო თანამეგობრობას მოვუწოდეთ, რომ ისინი იყვნენ აქტიურად ჩართული სიტუაციის დეესკალაციის მიზნით. მათი მხრიდან არის სრული გაგება და სერიოზული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მათი აქტიური ჩართვა”, – აცხადებს ზალკალიანი.

დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

 

გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე  იმყოფება აშშ-ში, სადაც მას აქვს შეხვედრები გაეროში:

 

“ექნება შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში და ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს ასევე დეტალურად ვამცნობთ  ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ სიტუაცისათან დაკავშირებით. მინდა ასევე განვაცხადო და მოვუწოდო უმცირესობის წარმომადგენელბს, რომ ამ სენსიტიურ საკითხს ნუ იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის და მინდა დავარწმუნო ყველა, ჩვენი საზოგადოება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არის აქტიურ კონსულტაციებში ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან, ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჟენევის თანათავჯდომარეებთან და მოხდება ჩვენი ინტერესების გარშემო საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია”, – აცხადებს დავით ზალკალიანი. 


 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოხუმში ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომელშიც აფხაზური მედიის ცნობით, დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მოგვიანებით ოპოზიციონერებმა შტურმი მიიტანეს ხელისუფლების ადმინისტრაციაზე. 


ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოს უკავშირდება. 


“ანქვაბის, როგორც კანონიერებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანის საქმიანობა ყალბი აღმოჩდა. ქვეყანაში არის განუკითხაობა, პრეზიდეტი უხეშად ერევა ხელისუფლების განშტოებების საქმიანობაში, მათ შორის პარლამენტის. ფაქტიურად ავტორიტარული სისტემაა შექმნილი. სახელმწიფოს მეთაურმა არანაირი ზომა არ მიიღო აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ არალეგალურად საზღვრის გადაკვეთის მცდელობებისა და მათი უკანონო მასობრივი პასპორტიზაციის აღსაკვეთად. მან იგნორირება მოახდინა პარლამენტის დადგენილებების, რომელიც ამ საკითხებს შეეხებოდა, რაც საქართველოს  საშუალებას აძლევს, გააღრმაოს აფხაზეთის კონსტიტუციური წყობის საფუძველების ჩაძირვის პროცესი. ეს საფრთხეს წარმოადგენს არა  მხოლოდ აფხაზეთისთვის, არამედ რუსეთისთვისაც. დღეს აფხაზეთი თითოეული თქვენგანის აუცილებელ მხარდაჭერას საჭიროებს, თქვენი მონაწილეობა სახალხო მსვლელობაში არის სამოქალაქო ვალი სამშობლოს წინაშე,”- წერია მიმართვაში, რომელიც ოპოზიციამ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა. 


 

 




მასალების გადაბეჭდვის წესი