ნოემბერში თბილისში რუსული კინოს ფესტივალი “პაემანი – კინორომანი” გაიმართება.
ღონისძიება ნაწილია ფესტივალისა “პაემანი რუსეთთან”, რომლის მიზანია რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზება დსთ-ის ქვეყნებსა და საქართველოში. ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორია კრემლის მიერ დაფინანსებული “Россия сегодня”-ს დაარსებული საინფორმაციო სააგენტო და რადიო “Sputnik–საქართველო”.
სწორედ “Sputnik–საქართველოს” მულტიმედიურ პრესცენტრში არის დაგეგმილი ფესტივალის მონაწილეებისა და ორგანიზატორების პრესკონფერენცია. კინოფესტივალის პროგრამის შესახებ ისაუბრებენ:
- ფესტივალის „პაემანი რუსეთთან“ დამფუძნებელი და გენერალური პროდიუსერი ვლადიმირ პიროჟოკი;
- ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი, პედაგოგი ირაკლი კვირიკაძე;
- რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი, საბავშვო ჟურნალ „ერალაშის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ბორის გრაჩევსკი;
- რუსი პროდიუსერი, კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, კინოჯგუფის 2ПЛАN2 გენერალური პროდიუსერი ალექსანდრ შეინი;
- რუსი მომღერალი და მსახიობი ეკატერინა ბელოცერკოვსკაია;
- პოეტი ვაზგენ ოგანესიანი;
- კინომსახიობი, მომღერალი ელგუჯა ბურდული
თბილისში ბოლო პერიოდში რამდენიმე რუსული ფორუმი დაიგეგმა. 5-7 სექტემბერს გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდიდან დაფინანსებული სამხრეთ კავკასიის ფორუმი, სახელწოდებით “მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში”, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.
რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული “გორჩაკოვის ფონდის” მხარდაჭერით, 12-14 ოქტომბერს საქართველოში უნდა გამართულიყო “ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი”, თუმცა ღონისძიება ჩაიშალა და მიზეზად ორგანიზატორების მიმართ ცალკეული პირებისა და მედიის მხრიდან “არამოტივირებული აგრესიის გამოვლენა” დასახელდა.