ახალი ამბები

ხელმოწერის სადავო უფლება – რას ნიშნავს პრემიერის უარი პრეზიდენტის შეთავაზებაზე?

27 მაისი, 2014 • • 1785
ხელმოწერის სადავო უფლება – რას ნიშნავს პრემიერის უარი პრეზიდენტის შეთავაზებაზე?

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა პრეზიდენტთან კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ქვეყნის სახელით თვითონ აწერს ხელს, ხოლო გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იგი ირაკლი ღარიბაშვილს ამ უფლებამოსილებას უთმობს. გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, მისი მოტივი ძალიან მარტივია: ქვეყნის ინტერესი – არ გაჩნდეს შეკითხვები ხელმოწერის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით:

 

“ჩვენ გადავწყვიტეთ [პრეზიდენტის გუნდმა] მაქსიმალურად მოვხსნათ კითხვები, რომელიც ამ მიმართულებით წარმოიშვა, და ბუნებრივად გადავეცით ეს უფლება პრემიერ-მინისტრს”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

დისკუსია იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს სახელით, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. კონსტიტუციონალისტების ნაწილის განმარტებით, ამ ტიპის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა პრეზიდენტის საქმეა, რადგან კონსტიტუციის 73–ე მუხლის მიხევით:“პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს”. თუმცა გასულ კვირას პრემიერმა განაცხადა, რომ მან მთავრობასთან კონსულტაციები გამართა და მიიღეს გადაწყვეტილება, 27 ივნისს ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულებას თვითონ მოაწეროს ხელს. დღეს, 27 ივლისს უშიშროების საბჭოს მდივანმაც და გიორგი მარგველაშვილმაც დაადასტურეს, რომ მთავრობას ამ საკითხზე პრეზიდენტისთვის აზრი არ უკითხავს. ასევე უცნობია, კონკრეტულად როდის და სად იმსჯელა მთავრობამ ასოცირების ხელშეკრულების საკითხზე, რადგან, მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ პირადად მას არც მთავრობის სხდომის და არც სხვა ფორმატში მსგავს დისკუსიაში მოანიწლეობა არ მიუღია.


მარგველაშვილი და ღარიბაშვილი
მარგველაშვილი და ღარიბაშვილი

“როდესაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ განაცხადეს, რომ კონსულტაციები იყო მთავრობის შიგნით. რადგანაც ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო მათი მხრიდან, პრეზიდენტმა პოსტფაქტუმ მიიღო უკვე თავისი გადაწყვეტილება [უფლებამოსილების დათმობის თაობაზე], რათა კითხვის ნიშნები მოიხსნას დოკუმენტის ლეგიტიმაციის თაობაზე”, – უთხრა ნეტგაზეთს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა. იგი არ ფიქრობს, რომ მომხდარი პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაციას დარტყმას მიაყენებს:

 

“ეს გადაწყვეტილება იყო სწორი და სახელმწიფოებრივი”.

პრეზიდენტს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილიც უწონებს, თუმცა ფიქრობს, რომ როდესაც მთავრობა პრეზიდენტთან კონსულტაციის გარეშე იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და ამაზე შემდეგ საჯაროდ საუბრობს, ეს პრეზიდენტის პრესტიჟს ლახავს:

 

“ზოგადად ინსტიტუტებს შორის ჯანსაღი კონკურენცია ნორმალურია იმ პირობებში, როდესაც ძირითად საკითხებზე თანხმობა არსებობს, მაგრამ ამ კონკურენციას დაპირისპირების სახე არ უნდა ჰქონდეს. მოსახლეობა სტაბილურობის განცდა არ უნდა დაიკარგოს. იმედია, ეს ყველაფერი არ მიიღებს ისეთ მიმართულებას, რომ ქვეყანაში სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე. ინსტიტუტების ეფექტურად მუშაობისთვის სრული კოორდინაცია და თანამშრომლობა აუციელბელია… აუცილებელია გონივრული გადაწყვეტილებების მიღება იმისათვის, რომ ერთმანეთის პრესტიჟი არ დააზიანონ… პრესტიჟს დიდი მნიშვნელობა აქვს”, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

 

“საქართველოს რეფორმების ასოციაციის” წარმომადგენლის, ელენე ხოშტარიას თქმით კი, ძალიან ცუდია, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი ასეთ საჯარო კონფრონტაციამდე მივიდა. იგი ამ ყველაფერს შიდა ინტრიგებს უკავშირებს:

“რაც უფრო მალე მორჩება ამაზე კონფრონტაციები და მიეცემა კონსტიტუციური ჩარჩო, მით უკეთესი იქნება”.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ფიქრობს, რომ პრეზიდნტმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო:

“ამ დისკუსიას თუ შევაჯამებთ, გამოიკვეთა ის აზრი, რომ კონსტიტუციის თანახმად ასოცირების ხელშეკრულებისთვის ხელი პრეზიდენტს უნდა მოეწერა. სპეციალიტების უმეტესობას სწორედ ასეთი აზრი ჰქონდა. რადგან, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც იქითკენ მიდიოდა, რომ პრემიერი აწერდა ხელს, ვფიქრობ, შექმნილ სიტუაციაში მომავალში გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად დღეს პრეზიდენტმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა თქვა, რომ კონსტიტუციით მას ენიჭება ხელმოწერის უფლებამოსილება, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი ამ უფლებამოსილებას ერთჯერადად გადასცემს პრემიერს, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა”.

პრეზიდენტის სამართლებრივ გადაწყვეტილებას ანუ ბრძანებულებას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს უკვე გაიგზავნა საერთაშორისო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებით, პრემიერის კონტრასიგნაცია, ანუ დამოწმება ესაჭიროება, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მას არავითარი დამატებითი უფლებამოსილება არ ესაჭიროება:

 

“არავითარი კონტრასიგნაცია მე არ მჭირდება, არაფერი დამატებითი უფლება მე არ მჭირდება. კონსტიტუციაში რაც წერია, ჩვენ იმას ვაკეთებთ. არავითარი დამატებითი უფლებამოისლება არ მჭირდება. მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ კონსტიტუციის მიხედვით მსგავს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პირველადი კომპეტენცია პრეზიდენტს აქვს, თუმცა, რადგან მან ეს საკითხი სადავოდ არ გახადა, თუ პრემიერი მოაწერს ხელს საქართველოს სახელით, დოკუმენტის ლეგიტიმაციას საფრთხე არც ამ შემთხვევაში შეექმნება. 


“ეს არა იმდენად სამართლებრივი, რამდენადაც პოლიტიკური პრობლემაა. ის გზა, რასაც პრეზიდენტი სთავაზობდა პრემიერს, იურიდიულად გაცილებით უფრო გამართული იყო და კითხვის ნიშნებს არ ტოვებდა. წესით და რიგით პრემიერს ეს კონტრასიგნაცია უნდა მიეღო, მაგრამ თუ არ მიიღებს და ისე მოაწერს ხელს, სამართლებრივი თვალსაზრისით პრობლემას არც ეს წარმოშობს, ანუ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არალეგიტიმური არ იქნება, თუმცა მას უნდა მიეღო პრეზიდენტის წინადადება, ეს არის კონსტიტუციური ინსტიტუტების ურთიერთობის ლოგიკა და ეთიკა, რასაც პრემიერი არღვევს. თორემ თავისთავად ასოცირების ხელშეკრულებას ეს არავითარ საფრთხეს არ შეუქმნის. პრეზიდენტს ჰქონდა პირველადი უფლებამოსილება, მას შეეძლო კომპეტენციის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში ედავა, რომ ეს, პირველ რიგში, მისი კომპეტენციაა და ამ შემთხვევაში ჩემი პროგნოზით სასამართლო იტყოდა, რომ ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა და ის წავიდოდა ბრიუსელში ხელის მოსაწერად, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ეს საკითხი სადავო არ გახადა, პრემიერი თუ წავა და ხელს თვითონ მოაწერს, არავითარი საფრთხე ასოცირების ხელშეკრულების ლეგიტიმურობას არ მიადგება. სხვა მხრივ, პრეზიდენტის მოქმედება მთლიანად გამართული იყო, ხოლო პრემიერის მოქმედება – კონსტიტუციური ეთიკის და ლოგიკის დარღვევაა, რაც სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, მაგრამ რასაც პრეზიდენტის სთავაზობდა მას, ის გზა იყო სწორი”, – ამბობს იურისტი.


საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, ხოლო პრემიერი –მთავრობის. კითხვას, როგორ აწერს ხელს მთავრობის მეთაური დოკუმენტს ხელს მაშინ, როცა სახელმწიფოს სხვა მეთაური ჰყავს, მენაბდე პასუხობს, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში პრემიერსაც აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უფლებამოსილება. ამასთან, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონის მიხედვით, პრემიერი ის თანამდებობის პირია, რომელსაც სხვისი უფლებამოსილების არავითარი დელეგირება არ ესაჭიროება საერთაშორისო ურთიერთობების დროს. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ეს თემა სადავო არ გახადა და პრობლემად არ აქცია, ხელშეკრულებას ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმაც რომ მოაწეროს, არც ეს იქნება უკანონობა, რადგან ხელს საქართველოს პრემიერ–მინისტრი (ან საგარეო საქმეთა მინისტრი) აწერს და არა უბრალოდ მთავრობის მეთაური

 

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილის თქმით კი, სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კომპეტენციების გამიჯვნის პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყოველთვის ჰქონდა, რაც სამართლებრივი კულტურის ნაკლოვანებაზე მიუთითებს. თუმცა, მისი თქმით, მხარეებმა უნდა შეძლონ პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა:

 

“საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ინსტიტუტებს შორის კომპეტენციების გამიჯვნის პრობლემა… იურიდიულადაც კი, როდესაც ზუსტად იყო კომპეტენციები გამიჯნული, მაინც ერეოდნენ ხოლმე ერთმანეთის კომპეტენციებში სხვადასხვა მოხელე, პარლამენტარი და ასე შემდეგ. მთლიანობაში ეს ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი კულტურის ნაკლოვანებაა, ეს მაღალ დონეზეც ჩანს… თუ კონსტიტუცია ზუსტად არ მიჯნავს, მაშინ იურისტებმა უნდა იმუშაონ და გამიჯნონ, რათა არანაირი კითხვა არ დაიბადოს. მეორე, როდესაც კომპეტენციები გამიჯნულია, ყველამ უნდა შეასრულოს მისი მოთხოვნები და მესამე, პოლიტიკურად უნდა შეეცადონ კონსენსუსის მიღწევას”, – აღნიშნა გოგოლაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი