ახალი ამბები

NGO-ების განცხადებაზე გამოძიება ყალბი პირადობების დამზადების მუხლით დაიწყო

20 ნოემბერი, 2018 • 1450
NGO-ების განცხადებაზე გამოძიება ყალბი პირადობების დამზადების მუხლით დაიწყო

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ყალბი პირადებების შესაძლო დამზადებას ეხება.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული. ეს მუხლი გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადებას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები გამოიკითხებიან.

“გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, საია-ს აღმასარულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.

ასევე ხვალ, საგამოძიებო უწყებაში უნდა გამოცხადდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე”, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება.

“საიას”, “სამართლიანი არჩევნებისა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გასულ კვირას მათ მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ.

არასამთავრობოების წყაროს თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები სააგენტოს სჭირდება არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაყალბებისთვის.

სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე ამბობს, რომ “გაუგონარი ცილისწამებაა” არასამთავრობოების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი