ნეტგაზეთი | ზუგდიდში 8 საარჩევნო კომისიის წევრთა ნაწილმა თანამდებობა დატოვა ზუგდიდში 8 საარჩევნო კომისიის წევრთა ნაწილმა თანამდებობა დატოვა – Netgazeti
RU | GE  
არჩევნები 2017

ზუგდიდში 8 საარჩევნო კომისიის წევრთა ნაწილმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდში 8 საარჩევნო კომისიის წევრთა ნაწილმა თანამდებობა დატოვა, ნაწილმა კი – თავად კომისია. ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ირწმუნება, რომ კომისიის წევრებმა ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზების, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღეს. ამ რვა წევრს შორის არის ზუგდიდის 51-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც. მირანდა მესხის თქმით, მას ვიზა წინასწარ ჰქონდა აღებული და პირველი ტურის დასრულებისთანავე საქართველო დატოვა.

საოლქო კომისიის ინფორმაციით, 50-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემაც დატოვა თანამდებობა. თუმცა, როგოც მირანდა მესხი ამბობს, ის კომისიაში დარჩა და სხვა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას. უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით საოლქო კომისიას ამ ადამიანებმა 13, 16, 17 ნოემბერს მიმართეს. საოლქო კომისიის ინფორმაციით, ახალი წევრების შერჩევა გუშინ, 19 ნოემბერს, დასრულდა.

“კომიის წევრების შესავსებად ამ უბნებზე კონკურსი უკვე გამოცხადდა და, კანონის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უკვე არჩეულები არიან,” – აცხადებს მირანდა მესხი.

საოლქო კომისიის მიერ დასახელებული ვერსიის არ სჯერა “ძალა ერთობაშიას” ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელს. ანა წითლიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ კომისიის სამი ყოფილი წევრი მათთან საუბარში სხვა მიზეზების შესახებ საუბრობენ. როგორც ის ირწმუნება, საუბნო კომისიის დატოვების რეალური მიზეზი კონკრეტული დავალება გახდა, რაც მათ მეორე ტურისთვის უნდა შეესრულებინათ. ოპოზიციის შტაბი ამ ადამიანების ვინაობას არ ასაჯაროებენ, მათი თქმით, ამით კომისიების ყოფილი წევრების უსაფრთხოებას იცავენ.

“ქართული ოცნების” შტაბი სხვადასხვა დავალებას იძლევა. ერთ-ერთი დავალება იმ ბიულეტენების გაფუჭებაა, სადაც გრიგოლ ვაშაძე იქნება შემოხაზული. ამ ადამიანებმა ამ დავალების შესრულებაზე უარი თქვეს, ” – ამბობს ანი წითლაძე.

ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე უარყოფს რაიმე დავალების გაცემის შესახებ ინფორმაციას. მირანდა მესხის თქმით, მათთავის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება საოლქო კომისიის 12-მა წევრმა მიიღო.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს, ოთხშაბათს, დანიშნა. ცესკომ ეს გადაწყვეტილება 14 ნოემბერს მიიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.