ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოს 231 მლნ ევრომდე დახმარებას გამოუყოფს

20 ნოემბერი, 2018 • 2589
ევროკავშირი საქართველოს 231 მლნ ევრომდე დახმარებას გამოუყოფს

ხვალ, 21 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართება საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა თანამშრომლობის ახალი ფორმატის ფარგლებში.

შეხვედრას ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი. შეხვედრაში საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკომისრები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი დონის შეხვედრა თანამშრომლობის ახალი და უნიკალური ფორმატია, რომლის მსგავსიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან არ გააჩნია. შეხვედრაზე მოხდება ახალი ინიციატივებისა და პროექტების წარდგენა და იდენტიფიცირება, რომელთა განხორციელებამაც კიდევ უფრო მეტად უნდა დააახლოვოს საქართველო ევროკავშირთან სხვადასხვა დარგში.

ევროკომისიასთან განსახილველი თემატიკა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა და კომუნიკაციები, განათლება, მეცნიერება, კულტურა და ინოვაციები, მართლმსაჯულება, შიდა უსაფრთხოება სამოქალაქო დაცვა.

უმაღლესი დონის შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი გახსნიან, რის შემდეგაც უკვე გაიმართება თემატური დისკუსიები. ფორმატი ასევე ითვალისწინებს სექტორული ხასიათის შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წევრებისა და ევროკომისრების მონაწილეობით.

ბრიუსელში დაგეგმილი უმაღლესი დონის პირველი შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას და დოკუმენტს, რომელიც საქართველოსთვის, საერთო ჯამში, 231 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი ხელს მოაწერენ შემდეგ დოკუმენტსა და შეთანხმებებს:

  • „უნარების განვითარების მხარდაჭერა“;
  • „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოში“;
  • საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო-პროგრამის (Single Support Framework – SSF) 2018 წლის სამოქმედო გეგმა.

პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან; პრემიერ-მინისტრის გამოსვლა კარნეგის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე, გაიმართება მიღება ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოვა.

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი ფორმატი

საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაუწევს ზედამხედველობას სხვადასხვა სექტორში ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, რაც გულისხმობს ევროპულ სექტორულ კანონმდებლობასა და პოლიტიკასთან დაახლოებას, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარებას, საქართველოში დარგობრივი განვითარების პროცესის ინტენსიფიკაციას ევროკავშირის მხარდაჭერით, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების იდენტიფიცირებასა და განხორციელების ხელშეწყობას. გარდა ამისა, აღნიშულმა ფორმატმა ხელი უნდა შეუწყოს დარგობრივ სამინისტროებსა და ევროკომისიის შესაბამის გენერალურ დირექტორატებს შორის სამუშაო ურთიერთობების გაღრმავებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი