აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერი ალი ქერიმლი დააჯარიმეს და გაათავისუფლეს

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის, “სახალხო ფრონტის” ლიდერი ალი ქერიმლი, რომელიც 17 ნოემბრის მსვლელობაზე დააკავეს, 19 ნოემბერს ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, — იუწყება ოპოზიციური გამოცემა “მეიდან ტივი” (Meydan TV).

გამოცემის თანახმად, ქერიმლის დააკისრეს 2 500 აზერბაიჯანული მანათის გადახდა.

17 ნოემბერს პოლიციამ 50-მდე ადამიანი დააკავა. მათი უმრავლესობა იმავე დღეს გამოუშვეს;

ქერიმლისთან ერთად პოლიციის განყოფილებაში დატოვებული 10 აქტივისტიდან შვიდს 400-500 მანათის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს, დანარჩენ სამს კი 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

პოლიცია აცხადებს, რომ მიტინგი არ იყო სანქცირებული.

ქერიმლისთან ერთად დაკავებული იყო “დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს”, ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი ჯამილ ჰასანლი, რომელიც 17 ნოემბერსვე გამოუშვეს.

ოპოზიციონერები და აქტივისტები იმ დროს დააკავეს, როდესაც აწყობდნენ მსვლელობას ბაქოში მდებარე ეროვნული სასაფლაოსკენ — “წამებულთა ხეივნისკენ”.

“წამებულთა ხეივანი” სსრკ-დან აზერბაიჯანის გამოყოფისას და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემი მემორიალია. ოპოზიციის ლიდერებმა პროცესია 17 ნოემბრის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად დაგეგმეს. 1992 წელს შექმნილი დღესასწაული, რომელსაც “ეროვნული აღორძინების დღეს” უწოდებენ, აზერბაიჯანის საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდება.

ალი ქერიმლის 12 წელიწადზე მეტია, რაც ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს. ქერიმლი აზერბაიჯანში ის იშვიათი ოპოზიციური ლიდერია, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს აზერბაიჯანის მმართველ რეჟიმს.

ალი ქერიმლისთან ნეტგაზეთის 2017 წლის ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

აზერბაიჯანული ოპოზიციის ლიდერი: საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ სვლა გვიხარია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com