ახალი ამბები

შს მინისტრი მიმდინარე კვირას პარლამენტში მივა

19 ნოემბერი, 2018 • 1214
შს მინისტრი მიმდინარე კვირას პარლამენტში მივა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გაცემული რეკომენდაციების შესახებ მოხსენებით პარლამენტში ამ კვირაში მივა.

კონკრეტული თარიღისა და დღის წესრიგის შესათანხმებლად კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობას ბიუროს დღევანდელი სხდომის შემდეგ დამატებითი კონსულტაციების გამართვა შესთავაზა.

საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, რომლის თანახმად, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ შსს-ს და მთავარ პროკურატურას უნდა მოსთხოვოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. რეზოლუცია პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჯერ არ შესულა, ვინაიდან, კობახიძის განმარტებით, ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს არ განუხილავს.

ამასთან, “ევროპული საქართველო” ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე შს მინისტრს პარლამენტში იბარებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი